უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე” იმყოფებიან

საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე” იმყოფებიან.

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, „შატალოზე” იმყოფებიან. ამის შესახებ ხვიჩიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ “ლელო” ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.

– „ვულოცავ მათ ამ დიად წარმატებას და მოხარული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. მიხარია, რომ ჩემი კოლეგები ნელ-ნელა წყვეტენ ბოიკოტს. ეს აჩენს შანსს, რომ საპარლამენტო საქმიანობაც კი დაიწყონ და პარლამენტში რაღაც სხვაც მოხდეს გარდა “ნაცების” და “ქოცების” ხელჩართული ჩხუბისა. გულწრფელად ვამბობ, არ ვფიქრობ იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს შეწყვეტს. ძალით ხალხის ტარება პარლამენტში და ძალით მუშაობა, მგონი, არ შეიძლება. მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჩემს კოლეგებს პარლამენტში შემოსვლის დღიდან მუშაობა არ უნდათ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ, რომ პარლამენტში არ იარონ. ეს რაღაცნაირი ტიპის “შატალოა”, რომელსაც ბოიკოტს ეძახიან, იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტის სხდომას ესწრები, მხარს უჭერ – პლენარულ სხდომაზე არ შედიხარ, როცა მოგწონს -დადიხარ, როცა არ მოგწონს – არ დადიხარ. არ მესმის ეს, ცოტა უცნაური ბოიკოტია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს” – განაცხადა ხვიჩიამ.

წყარო: newposts.ge