მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავისადმი მიძღვნილ წერილს აქვეყნებს.
წერილში ის ამბობს, რომ რევოლუციამდე „საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო“.
„მე რომ არ მჯეროდეს ჩემი ერის გამბედაობის და დიდბუნებოვნების, სიცოცხლეს არ გავრისკავდი და არ ჩამოვიდოდი ახლა. დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების.
„ვარდების რევოლუციის” თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. “ვარდების რევოლუციის” თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა,“ – წერს სააკაშვილი.
მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციამ“ საქართველო „რეგიონის სუპერვარსკვლავად“აქცია და შთაგონების წყაროდ იქცა.
„ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა.
ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს! ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო!
ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!,“
დღეს 17:00 თავისუფლების მოედანზე აქცია-პერფორმანსი იგეგმება. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ე.წ. ცოცხალ ჯაჭვში დადგებიან.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვებას სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.
„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავზე ცოცხალი ჯაჭვის აქციას გამართავენ
“ნეტგაზეთი”