საპენსიო სააგენტოს მაჩვენებლები, პანდემიის მიუხედავად პოზიტიურია, თუმცა პრობლემა არის იმაში, რომ მაღალი ინფლაცია, კერძოდ კი ორნიშნა ინფლაცია შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ,,შთანთქავს“ იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელიც საპენსიო შენატანების სარგებლიანობასთან არის დაკავშირებული – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 6 თვის ანგარიში განიხილეს.
„დღეს საქართველოში არსებობს საპენსიო უზრუნველყოფის 3 მოდელი: საყოველთაო პენსია, დაგროვებითი პენსია და კერძო საპენსიო სქემები. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება, ანუ საპენსიო რეფორმა ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური, ინსტიტუციური რეფორმა იყო და არის, რაც ჩვენ განვახორციელეთ. ჯერ მცირე დროა გასული ამ სისტემის ამოქმედებიდან (სისტემა ამოქმედდა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან), მისი სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და მაკროეკონომიკური ეფექტი ეკონომიკისთვის ჯერ კიდევ წინაა“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ წარადგინა.
სააგენტოს დირექტორმა დეპუტატებს სააგენტოს 2021 წლის 6 თვის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნო და დეპუტატის შეკითხვებს უპასუხა.
საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ბოლო საანგარიშო პერიოდში 5000-ზე მეტი დამსაქმებელი და 60 ათასზე მეტი დასაქმებული გაწევრიანდა დამატებით და სქემის მონაწილეთა რაოდენობამ აღნიშნული პერიოდისთვის 1 მლნ 200 ათასამდე ადამიანი შეადგინა.
მომხსენებელმა სააგენტოს საქმიანობის ორ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება და საოპერაციო და საინვესტიციო მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს 6 თვის საქმიანობის შედეგებს, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ მილიონ 166 737 შეადგინა, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ფონდის ღირებულება მილიარდ 550 მილიონ 400 ათასი ლარით განისაზღვრა, მათ შორის დარიცხული სარგებელი 173 მლნ ლარია, რაც კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კარგი მაჩვენებლებია.
“იმედინიუსი”