როგორ იპოვა 53 წლის შემდეგ ტყუპმა და-ძმამ ერთმანეთი და რატომ ვერ გაიგო დედამ, რომ შვილი ცოცხალი ჰყავდა

კობა ლაგურაშვილი და ლელა შაიშმელაშვილი ტყუპი და-ძმაა, რომლებმაც ერთმანეთი დაბადებიდან 53 წლის შემდეგ იპოვეს.

კობა ლაგურაშვილი: 16 წლის ვიყავი, როცა ჩემი და სასწავლებელში გავიცანი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, თუ ერთმანეთთან სისხლით ნათესაობა გვაკავშირებდა. გვეუბნებოდნენ, ერთმანეთს ძალიან ჰგავხართო, მაგრამ არ მივაქციეთ ყურადღება, ბავშვები ვიყავით. მერე მე ჯარში წავედი, ლელა გათხოვდა და ჩვენი ურთიერთობა გაწყდა. 34 წლის თავზე ჩვენმა საერთო მეგობარმა მითხრა, ლელას ვეხმიანები ხოლმეო. ძალიან გამიხარდა, თუმცა ლელა საქართველოში არ ცხოვრობს და სკაიპით დავუკავშირდი. მას შემდეგ ხშირად ვლაპარაკობდით. ერთ დღეს მეკითხება, რომელი ჯგუფის სისხლი გაქვსო, აღმოჩნდა, რომ ერთი ჯგუფის სისხლი გვქონდა და შენ ჩემი ძმა ხომ არ ხარო, მეკითხება. თავიდან ვხუმრობდით, მაგრამ მერე დავუშვით ის აზრი, რომ შეიძლებოდა, მართლა და-ძმა ვყოფილიყავით და გადავწყვიტეთ „დეენემის“ ტესტი გაგვეკეთებინა. რადგან თვითონ იტალიაში იყო, მისმა უფროსმა დამ – ნანიმ და მე ჩავაბარეთ ანალიზი თბილისში. „დეენემის“ ტესტის პასუხმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა, გავიგეთ, რომ მე და ნანი და-ძმა ვიყავით, მე და ლელა კი – ტყუპები.

– რის გამო გაგიჩნდათ ეჭვი და რატომ დაიწყეთ ძიება?

– ბევრი დამთხვევა იყო. თუნდაც ჩვენს ყოველდღიურობაში. ცნობილია, რომ ტყუპებს ერთნაირი შეგრძნებები აქვთ. მე უძილობა მაწუხებდა ხოლმე და ლელას რომ შევჩივლებდი, ისიც იმავეს მეუბნებოდა. მე თუ მოუსვენრად ვიყავი, ისიც ასე გრძნობდა თავს. ერთნაირი მეტყველება და მსგავსი მანერები გვქონდა. ერთი სტილის ფოტოები გადავიღეთ და გაოცებულები ვუყურებდით, მსგავსება იმდენად დიდი იყო. ჩვენ ძმა გვყავს დაღუპული. ლელამ მისი სურათი რომ მაჩვენა, ეს ფოტო რა დროს გადამიღეთ-მეთქი, გამიკვირდა. მეგონა, ფოტოზე მე ვიყავი.

– ტესტის პასუხის შემდეგ, ალბათ, წარსულის ძიება დაიწყეთ.

– ძიებას ვერ ვიწყებთ, იმიტომ, რომ ჩემი გამზრდელებიც გარდაცვლილები არიან და ნამდვილი მშობლებიც. 53 წლის ვარ და არ მახსოვს, ჩემთვის ვინმეს რამე ეთქვას, თუნდაც გადაკვრით იმის შესახებ, რომ ნაშვილები ვარ. ამიტომ, არ ვიცი, ვის რა ვკითხო. ჩემი გამზრდელის დაღუპვის შემდეგ მე ქუჩაში ვიყავი. სახლი და კარი აღარ მქონდა. მერე „სტაიანკაზე“ დავიწყე მუშაობა. ფეხებზე პრობლემები მქონდა და სხვა არაფრის კეთება არ შემეძლო. მშიოდა თუ მწყუროდა, არავის მოვუკითხივარ. ეს ამბავიც რომ გაიგეს, სულ აღარავინ მეხმიანება. ახლა სიხარულისგან შოკში ვარ და ცოტა გონს რომ მოვალ, მერე აუცილებლად ჩავალ და დავიწყებ დეტალების ძიებას.

– სად ჩახვალთ?

– მამიდასთან, მამიდაშვილებთან და ბიძაშვილებთან, ისინი გორში ცხოვრობენ. ჩემს დაბადების მოწმობაში ხაშური წერია, არქივში მივალ, გავიგებ ნამდვილად იქ ვარ თუ არა დაბადებული. ჩემი ბავშვობა ხაშურში გავატარე, ეს დედაჩემის მხარეა. მამა გორელი იყო, მაგრამ უფრო დედაჩემის ოჯახში ვცხოვრობდით.

– თქვენს გამზრდელ მშობლებს სხვა შვილი არ ჰყავთ?

– კი, უფროსი და მყავს. მერე ჩემი ძმა დაბადებულა და 11 წლის გარდაცვლილა. ჩემი და და მამაჩემი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს და ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი ნამდვილი შვილია. მგონია, რომ მან იცის სიმართლე, მაგრამ ახლა ვერაფერს ვკითხავ. ჩემი და საბერძნეთშია. ჩემი გამზრდელი დედა ისე დაიღუპა, ჩემმა დამ არც იცოდა, როგორ პირობებში ვცხოვრობდით. ცუდად რომ იყო და გარდაიცვალა, ესეც არ იცის. არ გვაქვს ურთიერთობა. მაგის გამო ბინა დავკარგე. იპოთეკაში ჩავდე და საბერძნეთში გავუშვი. მერე სულ დაიკარგა. ვიცი, რომ ცოცხალია, მაგრამ ურთიერთობა არ გვაქვს. ბინა რომ დავკარგე, მეუღლესთან კონფლიქტი მომივიდა და დავშორდით. შვილი მყავს, დედამისთან ცხოვრობს, მაგრამ ჩემთანაც მოდის ხოლმე.

– ბევრი გაჭირვება გამოგივლიათ და ამ ყველაფრის შემდეგ რომ და იპოვეთ, რომელთანაც თან მეგობრობა გაკავშირებთ, ეს ძალიან დიდი სიხარული იქნებოდა.

– ჩვენ მაშინაც და-ძმასავით ვიყავით, მაგრამ ახლა რომ გავიგეთ, ერთი სისხლი და ხორცი ვართ, სიხარულით გიჟს ვგავარ. ახლა უფრო მეტი სიხარული გვაქვს, ვეჩხუბები, აღარ შემიძლია, ჩამოდი-მეთქი. აპირებს კიდეც, რომ მალე ჩამოვიდეს.

ლელა შაიშმელაშვილი: რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ტყუპისცალი ძმა მყავდა. მამიდამ მითხრა ამის შესახებ, მაგრამ რადგან მითხრეს, რომ დაბადებისთანავე გარდაიცვალა, აღარ ჩავძიებივარ. მრავალწლიანი განშორების შემდეგ კობასთან რომ აღვადგინე მეგობრობა, სულ ვეუბნებოდი, ძალიან ჰგავხარ ჩემს ძმას-მეთქი. ჩვენს შორისაც დიდი მსგავსება იყო, მერე სისხლის ჯგუფიც დაემთხვა და ეჭვი გამიჩნდა, რომ ის იყო ჩემი ძმა, რომელიც გარდაცვლილად გაასაღეს, შემდეგ დეენემმაც დაადასტურა ჩვენი ეჭვი.

– როგორია თქვენი ოჯახის ისტორია?

– დედამ რომ იმშობიარა, მაშინ შავები ეცვა, ძალიან გამწარებული იყო, რადგან 37 წლის ძმა ავარიაში დაეღუპა. თან დედა უსწავლელი ქალი იყო. შვიდი დედმამიშვილი იყვნენ და იმ რთულ პერიოდში ბებიამ და ბაბუამ ყველას ვერ მისცეს განათლება. ამიტომ არ ვიცი, შესაძლოა, მისი მდგომარეობით ისარგებლეს და რამეზე ხელი მოაწერინეს. ფაქტია, რომ ბავშვი არ აჩვენეს და უთხრეს, რომ ცოცხალი არ იყო. ჩემმა დამ იცოდა. დეიდას და მამიდასაც სცოდნიათ ამის შესახებ. რომ გაიგეს ძმა ვიპოვე, დეიდამ ტირილი დაიწყო – დედაშენს საერთოდ არ აჩვენეს ბავშვი, უთხრეს, რომ ძალიან სუსტი დაიბადა და დაიღუპაო. არც მკვდარი უნახავს, არც ცოცხალიო. დედა ისე გარდაიცვალა, რომ არ იცოდა, შვილი ცოცხალი რომ ჰყავდა. ჩვენი ოჯახი რუსთავში ცხოვრობდა.

კობა: მე როგორც ვიცი, ექვსი წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა რუსთავში მიიღო ბინა და ხაშურიდან იქ გადმოვედით საცხოვრებლად.

ლელა: ბოლო წლებში კობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სარდაფში ცხოვრობდა და იქაც მეგობარმა შეიფარა, რადგან ქუჩაში აღმოჩნდა უპატრონოდ. ამ მდგომარეობაში რომ დავინახე, არ ვიცი, რა დამემართა. მაშინვე ვუთხარი, ფულს გამოგიგზავნი, ასე რატომ ხარ, მშიერი ხომ არ ხარ-მეთქი?! თავი გაიგიჟა, მაგრამ პატარა თანხა გავუგზავნე და იქიდან მოყოლებული სტიმულს ვაძლევდი – იქნებ სადმე იმუშავო-მეთქი. განა არ უნდოდა მუშაობა, მაგრამ ფეხებზე დიდი პრობლემა აქვს, სოციალურად დაუცველია, არ დააფინანსეს, რომ ოპერაცია გაეკეთებინა. ძლივს მუშაობდა თავის გასატანად. ამწუთას ჩემს სახლშია, ყვარელში. ამ სიცივეში სარდაფში როგორ უნდა ყოფილიყო, ჩემთან წამოვიყვანე და მერე იქნებ გამოჩნდეს რამე ვარიანტი, სადაც იცხოვრებს. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ როცა გავიგე, რომ ძმა არის, ეს კიდევ სხვა გრძნობაა.

“თბილისელები”