სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება – ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ მიიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ სააკაშვილი სასამართლოს დაესწრება.

სასამართლოს ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
გარდა ამისა, ადგილზე იკრიბებიან „ნაცმძრაობის“ წევრები და მათი მომხრეები.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50-ე დღეს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სააკაშვილი არის ასევე 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის, სახელმწიფოს თანხების გაფლანგვისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეების ფიგურანტი.

“სპუტნიკი”