“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამ წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” კლასტერი თავად “ქართული ოცნება” იყო. ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში შესაბამის კითხვაზე პასუხად გააკეთა, რომლის სრულ ვერიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.
“რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტობას და კლასტერობას, როგორც ბატონმა ვოლსკიმ და სხვებმა გამოიყენეს ეს ტერმინი, „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი იყო „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც კოჰაბიტაციაში იყო მასთან. ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოლაპარაკებაზე დავსხედით მხოლოდ ერთ თემასთან – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ჩვენი სიმპათია-ანტიპათიებისა. ამან მოიტანა ის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, რასაც მოჰყვა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ სატელიტობაზე საუბრისას ხომ არ გავიხსენოთ, ვინ სად იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრები მაშინ, როდესაც მე და ჩემი პარტიის წევრები სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით. ვინ სად იმალებოდა 26 მაისს და ვის რა პოზიცია და რა მდგომარეობა ეჭირა. ასე, რომ ამ მცდელობას ხელისუფლება ბოლომდე ვერანაირად ვერ მიიყვანს. ეს სასაცილოა ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ობიექტური და გონება გახსნილი ადამიანისთვის, ვისაც ერთი უჯრედი მაინც უმუშავებს ტვინში. სრულიად საკმარისია ჩვენი პარტიის განვლილი გზის თვალის გადავლება, რომ ვერავის სატელიტობა და მით უმეტეს „ნაციოანალური მოძრაობის“ სატელიტობა ვერ დაგვაბრალონ.
სხვათა შორის ვერც პრორუსულობას დამაბრალებენ, მეკამათონ საგნობრივად და არსობრივად, რომელი ჩვენი მოქმედებაა პრორუსულობა ან რომელი ჩვენი განცხადებაა პრორუსული”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო: “ipress.ge”