მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას 3 წლით. ეს ინიციატივა გულისხმობს მედიის ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლებას – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პრობლემა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
– „პირველ რიგში, ამის საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, პანდემიით, რომელმაც სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ასევე ამ ინიციატივის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელის ინიციატივის შემდეგ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას და მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას. სხვა მოცემულობაში ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართული. „ლელო“ აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევენებამდე ითხოვდა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდან სარეკლამო ბაზარზე შესული თანხის სახით დისკომფორტი შეუქმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროვოს“ – განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მიზანი არის არა აზარტული თამაშების რეგულირება, არამედ მედიაზე ზეგავლენის მოხდენა.
„ირაკლი ღარიბაშვილი ორმაგი სტანდარტი ჩანს თუნდაც იმაში, რომ წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა რამდენიმე ქალაქში კაზინოს შექმნას. გვპირდებოდა, მაგალითად, ბათუმთან, გონიოში კაზინოს ქალაქის შექმნას. ასევე, ამ ზაფხულს ირაკლი ღარიბაშვილმა გადასახადებისგან გაათავისუფლა რამდენიმე კაზინო და მოსაკრებელი გაუნახევრა თბილისში მდებარე კაზინოებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ორმაგ სტანდარტს და უტიფრობას, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი და ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აზარტული თამაშების რეგულირება და მოწესრიგება კი არ უნდა, მათ სურთ აზარტული თამაშების გავლით მედიაზე მოახდინონ ზეგავლენა.
თავად აზარტული თამაშები ამ ქვეყანაში უმწვავეს პრობლემად რჩება და ჩვენ ვიცით, რომ მოზარდი მოსახლეობის თითქმის 10% დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა 20% არის აზარტული თამაშების გადაჭარბებულად მოთამაშე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ის გაღრმავდა „ქართული ოცნების“ პირობებში. ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“ – აღნიშნა ბუაძემ.
როგორც მან განაცხადა, „ლელოს“ ინიციატივა საზოგადოებისა და მედიის ინტერესებს დააბანალსებს.
„ახლა, ამ პრობლემის სარჩულით ისინი ცდილობენ, რომ შექმნან პრობლემა და ზუსტად ამას ეხმიანება ჩვენი ინიციატივა, რომ დაბალანსდეს საზოგადოებისა და მედიის ინტერესები და მედიამ ამ ფორმით არ მიიღოს ზიანი. ამ ფორმით ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მედია გათავისუფლდეს გადასახადებისგან და არ მიიღოს ზიანი სარეკლამო შემოსავლების შემცირებით.
ბევრი მედიასაშუალებისათვის აზარტული თამაშებიდან სარეკლამო შემოსავლებში შემოსული თანხები წარმოადგენს მთლიანი კომერციული შემოსავლის 20%-ს. ამიტომ აუცილებელია, რომ დავაბალანსოთ მედიის ინტერესი და კრიტიკულ მედიას არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ პრემიერისგან პრობლემები შეექმნას“ – განაცხადა საბა ბუაძემ.
წყარო: itv.ge