როცა სააკაშვილს 9 წლის მანძილზე 9 მლნ ლარს ედავებიან, კალაძემ ერთი ხელმოწერით ქვეყანას 80 მლნ ზარალი მიაყენა და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაშინ დავიწყოთ კალაძით.
როცა მიხეილ სააკაშვილს 9 წლის მანძილზე 9 მილიონ უკანონო ხარჯს ედავებიან, კახა კალაძემ ერთი ხელმოწერით საქართველოს 80 მილიონის ზარალი მიაყენა და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაშინ დავიწყოთ კახა კალაძით – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიხეილ სააკაშვილს მორალური სასამართლო მოუწყოს და მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრი შექმნას.
“ვიდრე ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, ვერც ერთ საქმეზე ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ობიექტური გამოძიების შედეგი. ობიექტურია თუ არა ბრალი, ეს უნდა დაადგინოს სამართლიანმა სასამართლომ. არ არის სამართლიანი სასამართლო, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ნებისმიერი ბრალი თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში, არის პოლიტიკური დევნა, რადგან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ინტერესს, წინ უსწრებს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინტერესი. ესენი ცდილობენ არა სამართლიანი, მორალური სასამართლო მოუწყონ მიხეილ სააკაშვილს, ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას მის წინააღმდეგ, ეს პოლიტკური ბრძოლის მეთოდია, სამწუხაროა, რომ არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო, რომ აბსურდულ თუ დასაბუთებულ ბრალდებაზე სამართლიანმა სასამართლომ გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება” – განაცხადა მანჯგალაძემ.
წყარო: ptn.ge