ჟურნალისტი კოტე ინაშვილი გუშინ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ავტოავარიაში დაიღუპა.
როგორც ირკვევა, ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილი პარტია ირმა ინაშვილის ძმა იყო. მომხდარს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი გამოეხმაურა.
„რატომ აღარ ხარ, კანსტანტინ?!
– ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, ჩემთან არავინ მოსულა?
– კი, სამზარეულოში დაგიტოვეს რაღაცები.
– მოიცა, ვნახო.
მერე ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და „თავისი” პატიმრების ოჯახებს ჩამოურეკა, იმ დღის ნობათი გაუნაწილა. და ასე გრძელდებოდა კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე. „კოტეს პატიმრები” გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ და გაუსაძლის პირობებში მყოფთ ვერაფრით ეხმარებოდნენ. თვითონაც თავი ძლივს გაჰქონდათ და იმ პატიმრების ოჯახებისთვის კოტემ საქველმოქმედო პროექტი დაიწყო. გადაცემებსაც ამზადებდა – „ხმა მიაწვდინე პატიმარს”. პატიმრებმა უკვე იცოდნენ, რომელ საათზე იქნებოდა კოტეს გადაცემა. ოჯახებმაც იცოდნენ და პირდაპირი ეთერიდან „ელაპარაკებოდნენ” თავიანთ პატიმრებს…
ციხიდან გამოსულებს არაერთხელ უთქვამთ „ობიექტივის” გადაცემები იყო გარე სამყაროსთან ჩვენი კავშირის ერთადერთი საშუალებაო. ცალმხრივი იყო ეს კავშირი, მაგრამ გამოკეტილი ადამიანებისთვის ოჯახის წევრის და ახლობლის ხმის გაგონებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა… ოჯახის წევრები პირდაპირ ეთერში რეკავდნენ და პატიმრები მათ ხმით ცნობდნენ… დაბადების დღეს, რელიგიურ დღესასწაულებს ულოცავდნენ… წარმოიდგინეთ, ოთხ კედელს შორის გამოკეტილი ადამიანისთვის ეს მილოცვები რას ნიშნავდა… გვარებსაც ვერ ამბობდნენ, რომ ციხეში პრობლემები არ შეჰქმნოდათ…
ტელევიზიაში ჯერ ჩემთან შემოვიდოდა.
– ბონდო ბიძია, ბონდო ბიძია, როგორ ხარ?
– კარგად, კანსტანტინ, შენ როგორ ხარ?
– მოიცა, ახლავე მოვალ, – და ახლა სხვა ოთახებს ჩამოივლიდა. ყველას მოიკითხავდა.
გულშემატკივარი კაცი იყო კოტე ინაშვილი, გულიანი კაცი! მოკითხვაც გულიანი იცოდა და თანადგომაც!
ახლა კი, უკვე მე რომ მივალ მასთან, რა ვკითხო, – კანსტანტინ, როგორ ხარ მეთქი?
და რა უნდა მიპასუხოს, – ბონდო ბიძია, აღარ ვარო?!
რატომ აღარ ხარ, კანსტანტინ?!
საღამოს შემდეგ გაოგნებული ვზივარ და ვფიქრობ, ამ ტრაგედიის შემდეგ როგორ არიან ქალბატონი ნათელა, ირმა, ნატალია, ნიკოლოზი და მარიამი, პატარა ანდრია… როგორ არიან ობიექტიველები, მხოლოდ კოლეგები კი არა, თანამებრძოლებიც… ვზივარ და ვფიქრობ: იმ ოჯახების ლოცვა შეგეწევა უფალთან, კანსტანტინ, იმ ოჯახების ლოცვა, დაუღალავად რომ ეხმარებოდი და ტკივილს უმსუბუქებდი უმძიმეს წლებში. ჩვენ, ობიექტიველებმა ხომ ზუსტად ვიცით, რა ემოციით აკეთებდი სიკეთეს, რომელიც გზას გაგინათებს იმქვეყნიური საქართველოსკენ მიმავალ გზაზე. იქ კი თეთრხალათიანი კაცი დაგხვდება, სევდიანად გაგიღიმებს და ჩაილაპარაკებს – შინ მოსვლას სულ აგვიანებდი და ახლა რა გეჩქარებოდა, შვილო?!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი.