ჩვენი უპირველესი ამოცანა არის სხდომების საჯაროობა – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს.
ეს არის პროპაგანდისტული ბრალდება, რასაც ძალიან წარმატებით იყენებენ სამთავრობო მედიები, რომლებიც ცდილობენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებული იარლიყი მიარტყან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, სინამდვილეში ეს არის აბსურდული ბრალდება – ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თანხების გაფლანგვის საქმე, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილება.
ამასთანავე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარის უპირველესი ამოცანა სასამართლოში მიმდინარე საქმეების საჯაროობა, რის გამოც ისინი ყველა პროცესზე დააყენებენ პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგომლობას.
საძაგლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დიდხანს მაინც არ გაჩერდება ციხეში.
– “ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ სხდომების საჯაროობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს და ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის სწორედ „პიჯაკების საქმე“. სწორედ ამიტომ, ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიების მეშვეობით. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა ასევე, მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ დაესწრონ პროცესზე, გაშუქების ფუნქციის გარეშეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ექნება შესაძლებლობა წარსდგეს სიტყვით სასამართლო სხდომაზე და ჩვენ მოვისმენთ მის განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ზოგად შეფასებებს.
ცხადია, რომ სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე არის პირადად ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელი ორგანო, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მე პირადად არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა” – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
წყარო: newposts.ge