“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. საკითხი, სავარაუდოდ, ვადამდელ არჩევნებს და მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებას ეხება.
ენმ-ის ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ბრძოლის მთავარი ხაზი სწორედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმააღნიშნა, რომ ოპოზიცია ყველა პოლიტიკურ პლატფორმას გამოიყენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებსაც.
– “ვადამდელი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება – ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ეს იქნება ჩვენი ბრძოლის მთავარი ხაზი. გამოიყენება ყველა პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც ჩვენს, ოპოზიციის ხელში არის და განსაკუთრებით პროტესტი რა თქმა უნდა” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ასევე აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები ცალ-ცალკე არ განიხილება.
“არ ვუშვებთ ამას ცალ-ცალკე რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარეშე მიხეილ სააკაშვილი ვერ გამოვა ციხიდან. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ციხიდან პირდაპირ ნიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებ” – ამბობს ენმ-ის წევრი ანა წითლიძე.
“ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი კი წინასწარი გეგმების დასახვისგან თავს იკავებს. პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯების მიხედვით უნდა იმოქმედოს.
– “მე ვერ გეტყვით, რომ გეგმა უნდა იყოს დასახული მაინც და მაინც, ჯერ რომელი და მერე რომელი. იმის მიხედვით, როდის, როგორ, რანაირად, რა ძალებით იმოქმედებს “ქართული ოცნება”, ამის შესაბამისად უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ” – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
წყარო: itv.ge