კარიბის კრიზისის მსგავსი ვითარება შავ ზღვაზე

კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ მსოფლიო ისე დაძაბული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არაერთ მწვავე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, როგორც სიტყვიერს, ისე სამხედროს, მაგრამ მათი დღევანდელობასთან შედარება უფრო სპილოს და თაგვის პაექრობაა და არა გაავებული სპილოების.

ამხეცებულ ვეფხვებს ან ლომებს მაინც შეგედარებინაო — შემედავება მკითხველი, თუმცა მე მაინც გაავებული სპილოების შეჯახებას ავირჩევ. როგორც ჩანს, ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა სინგაპურის ზოოპარკ-ნაკრძალში გაცეცხლებული სპილოების ორთაბრძოლამ, დღესაც რომ თვალწინ მიდგას.

ლოკალური ომები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართული, დიდ სახელმწიფოთა — აშშ-სსრკ-ს, აშშ-რუსეთის არაპირდაპირ დაპირისპირებას ასახავდა და არა – პირდაპირს. აი, სწორედ პირდაპირი დაპირისპირების საფრთხის წინაშე იდგა მსოფლიო კარიბის კრიზისის დროს, როდესაც მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა ხრუშჩოვმა, კუბის დასაცავად ამ კუნძულზე საბჭოთა რაკეტები განალაგა, რითაც მეზობელ ამერიკას განადგურებით დაემუქრა.

მაშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა კენედიმ საჯაროდ განაცხადა, თუ სსრკ რაკეტებს არ გაიტანდა კუბიდან, აშშ-ს ავიაცია დაბომბავდა კუბას. საბედნიეროდ, მძაფრი რიტორიკისა და კიდევ უფრო მძაფრი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, მოსკოვ-ვაშინგტონმა დიპლომატიური მოლაპარაკება ამჯობინეს. მსოფლიომ ამოისუნთქა.

მხარეები დათმობაზე წავიდნენ. სსრკ-მ რაკეტები გამოიტანა კუბიდან, ხოლო აშშ-ა თურქეთიდან, ამასთანავე აღუთქვა მოსკოვს კუბაზე თავდასხმისგან თავის შეკავება.

ვიმეორებ, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება, ლამის გავარვარებამდე მისული, ისეთი სამხედრო კონფრონტაციის წინაშე აყენებს მსოფლიოს, რომელსაც რეგიონულის სახელით ვერ მოვნათლავ.

კარიბის კრიზისიდან არა მარტო მრავალი ათეული წელი გვაშორებს, არამედ შეიარაღების დახვეწილობაც. დღევანდელი მეტოქეები, აშშ-რუსეთი, უახლესი სამხედრო იარაღით აღჭურვილნი, იოლად შეძლებენ, როგორც ერთმანეთის, ისე მთელი მსოფლიოს განადგურებას.

თავის ამასწინანდელ საჯარო განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ახალი რუსული ზებგერითი (9 მაჰი, 9 Max/Mach = 11025.40 კმ/სთ) რაკეტების გამოყენების შესაძლებლობაც ახსენა იმათ მიმართ, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, უკრაინაში რუსეთზე დასამიზნებელი რაკეტების განსალაგებლად.

მან ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვა — განადგურდება ტერიტორია რაკეტებიანად და ისიც, ვინც განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. განლაგების გადაწყვეტილებას ვაშინგტონი იღებს და არა მსოფლიოს სხვა დედაქალაქი.

ისევ კარიბის კრიზისი. მაშინ განგაშის ზარს კენედიმ შემოჰკრა — აშშ-ს სიახლოვეს საბჭოთა რაკეტების განლაგებით შეწუხებულმა, ამჯერად პუტინმა — უკრაინაში აშშ-ს რაკეტების სავარაუდო განლაგების გადაწყვეტილების მიღების საწინააღმდეგოდ.

ვინც რუსეთის პოლიტიკას თვალს ადევნებს, შეამჩნევს, თუ რამდენად ენაძუნწია პრეზიდენტი პუტინი ისეთ სტრატეგიულ საკითხებში, როგორიცაა რუსეთ-აშშ სამხედრო დაპირისპირება, მითუმეტეს მეტოქის წინააღმდეგ ზებგერითი ახალი რაკეტის გაშვების მუქარის გაჟღერება.

დიახ! პუტინის ნათქვამი მუქარაა, გამაფრთხილებელი, ყურადღების გასამახვილებელი და არა პირზე მომდგარი სიტყვის ქარაფშუტული გადმოფრქვევა — ქუჩაში მოჩხუბარ ბიჭებს რომ სჩვევიათ.

პუტინი ვაშინგტონს ამ მუქარით აფრთხილებს — ჩვენ არ გვძინავს, ვფხიზლობთ, თქვენს გადაწყვეტილებას ავტომატურად ვუპასუხებთ. რით არ არის ეს კარიბის კრიზისი?!

კარიბის კრიზისს ისეთი აჟიოტაჟი არ ახლდა, როგორც დღევანდელ ანტირუსულ ისტერიკას. რომელი ერთი ჩამოვთვალო. აშშ-ს კონგრესი, თავისი ორივე პარტიით — დემოკრატებითა და რესპუბლიკელებით, ევროკავშირი, ეუთო, ნატო და რაც მთავარია, მომავალი სამხედრო დაპირისპირების თეატრი, უკრაინა?

მაშინ, კარიბის კრიზისის დროს კუბა იყო, დღეს უკრაინაა. მაშინ სამხედრო, ანუ საომარი მოქმედების თეატრი ამერიკის საზღვრების სიახლოვეს გაიმართებოდა. დღეს, რუსეთის საზღვრებთან, უკრაინის ტერიტორიაზე. იმ უკრაინის, საქართველო რომ ძმად, მეგობრად, პარტნიორად იჩემებს.

მარტო პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის პიროვნება რად ღირს, თბილის-კიევი ერთმანეთში რომ ვერ იყოფს?! ჰოდა იმ უკრაინას ემუქრება საომარი მოქმედების თეატრად გადაქცევა, მაგრამ ვითომ მარტო მას? იქნებ საქართველოსაც, რომლის ხელისუფლება, რა ხანია, დაჩოქილი და ყელგამოწვდილი ემუდარება ნატოს, გაწევრებას?

თხოვნა-მუდარა არც ამჯერად დააკლო საქართველოს საგარეო მინისტრმა ზალკალიანმა რიგაში გამართულ ნატოს საგარეო მინისტრების სამიტს.

ქართული პოლიტიკა, განსაკუთრებით ლეიბორისტული, ხომ ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში ხილვის ოცნებაში აღამებს და ათენებს?! არც სხვები აკლებენ ხელს და თუ ეს სურვილი, ვაშინგტონიდან ჩამოწოდებული, აუსრულდათ, ის 9 მახი-იანი რუსული რაკეტა თავზე ხელს გადაგვისვამს თუ მიწასთან გაგვასწორებს?!

ნათელაშვილებო! რასაც ვაშინგტონი ჩაგძახებთ, ვიდრე ამოიძახებთ, იქნებ მცირედით დაფიქრდეთ?! ღირს კი ვაშინგტონური „მწვანეზურგიანი“ დოლარები გაპარტახებულ მამულად?!

საერთაშორისო არენაზე გამართული ვერბალური ომის — ნამდვილში გადაზრდას აღარაფერი აკლია და ამ დროს არხეინი ქართული მედია სააკაშვილის სასამართლო პროცესით ირთობს თავს და ართობს საზოგადოებას. ბრალდებული სააკაშვილი მეორედ წარსდგა სასამართლოს წინაშე მგზნებარი სიტყვით, რომელშიც თავის მართლების მეტი და თვითგანდიდების ავადმყოფური სურვილის გარდა თუ რამ იყო — ტყუილებია.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სააკაშვილია ბრალმდებელი, ხოლო მოსამართლეები, პროკურორებიანად – ბრალდებულები. სააკაშვილის ვექილებმა ხომ უცოდინრობის უმაღლესი პილოტაჟი გვაჩვენეს — სახელმწიფო მმართველობის საკითხში, განსაკუთრებით პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვაში.

ეს, როგორ შეიძლება, ეს სახელმწიფოს, პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვაა, როდესაც პრეზიდენტს კოსტიუმების შეძენაში და სხვა „წვრილმანში“ დებენ ბრალსო — საჯაროდ, ტელეკამერების წინ ვიშ-ვიშობენ ისინი. ასეთი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდებაო, უმატებენ. მართლაც! არსად არ ხდება, რომ დამნაშავე პრეზიდენტი ტელევიზიით ხალხს მიმართავდეს.

დამნაშავეს, უმალ უკრავენ თავს ციხეში, ხანგრძლივ პატიმრობაში. გაიხსენეთ სამხრეთ კორეის პრეზიდენტების პატიმრობა, თუნდაც დღევანდელი პრეზიდენტის წინამორბედი ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც კარგა ხანია სასჯელს იხდის. გაიხსენეთ, ისრაელის პრეზიდენტების გასამართლება და სასჯელის მოხდა ან პერუს პრეზიდენტის ფუჰიმორის; საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის, რომელსაც შინა პატიმრობა აქვს მისჯილი; არგენტინის პრეზიდენტის, რომელიც ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებისთვის დიდ ბრიტანეთთან ომის გაჩაღების და დამარცხებისთანავე, ხალხის მოთხოვნით, ციხეში გაამწესეს და არა მარტო ის, არამედ მთელი გენერალიტეტი.

გასამართლებულ და ციხეში გამომწყვდეულ პრეზიდენტებს რა მოთვლის? ასე, რომ საქართველო ამ „დარგში“ უნიკალური არ არის. საქართველოს ყოფილი თუ დღევანდელი ხელისუფალნი არიან უნიკალურები, ვინაიდან ქვეყნის სათავეში ყოფნისას მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ საკუთარი ავხორცობის, უზნეო სურვილების დასაკმაყოფილებლად, თუნდაც ისეთის, მეტროს შუაღამით გახსნა რომ ჰქვია.

ვისაც დაგავიწყდათ, შეგახსენებთ — ღამით, მორიგი ღრეობის შემდეგ, შეზარხოშებულმა სააკაშვილმა მეტროში ჩასვლა მოისურვა და ამ ხუშტურის დასაკმაყოფილებლად მეტრო რომ გახსნეს!

ხელისუფლების ნიუანსებში გაუთვითცნობიერებულო ყმაწვილებო, არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტს არ აქვს, არათუ კოსტუმების, არამედ ცხვირსახოცის სახელმწიფო ფულით შეძენის უფლება, მით უმეტეს, შორეულ ტაილანდში გამგზავრების, იქ უძვირფასეს ლუქსში ცხოვრების (2 დღე – 60000 დოლარი), ვითომდაც ტუვალუელი პრეზიდენტის გასამასპინძლებლად, რათა მას აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ ეღიარებინა. მაპატიეთ, ამ ჟარგონისთვის — გვაშაყირებ, მიშა!!!

არც დღევანდელ პრეზიდენტს ჰქონდა საკომისიო მაღაზიებიდან ანტიკვარიული ნივთების შეძენის უფლება, პრეზიდენტის რეზიდენციის დასამშვენებლად. დანაშაული იყო პრეზიდენტის სასახლეზე უარის თქმა იმიტომ, რომ სააკაშვილმა ააშენა და ამ შენობის უფუნქციოდ დატოვება — სანაცვლოდ კი ახალი სასახლის გამოყოფა. და ეს ყველაფერი დამშეულ, გაღატაკებულ ქვეყანაში.

ვატყობ კალამი გამექცა, მაგრამ თემა იმდენად საგანგაშოა, რომ ღირს მასზე ყურადღების გამახვილება.

დავუბრუნდეთ მსოფლიოში შექმნილ კრიზისულ ვითარებას, რომლის კულმინაცია უდავოდ შემაშფოთებელი იქნება, შესაძლოა ისეთი, შეშფოთებაც რომ ვერ მოვასწროთ.

რუსეთს ექიშპებიან კოლექტიური დასავლეთელები და არათუ ექიშპებიან, ყელის გამოჭრითაც ემუქრებიან, თუ რუსეთი მათ ბრძანებას არ შეასრულებს, არ დანებდება. რუსეთი არ დანებდება. რამდენჯერ უნდა დანებდეს?! გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო საბჭოეთმა დანებება. ასე ისურვა მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა გორბაჩოვმა — დასავლეთით მოხიბლულმა.

დანებების პროცესი დაშლილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრემ რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა გააგრძელა და ისე გაერთო ამ პროცესში, ვერადავერ შენიშნა ახლადშეძენილი „ძმები“, როგორ მიუახლოვდნენ რუსეთის საზღვრებს; როგორ დაიპყრო აშშ-ა ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრი სახელმწიფოები და საბჭოთა რესპუბლიკებიც — ბალტიისპრა სამი რესპუბლიკის სახით, დანარჩენი, მათ შორის საქართველო ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ რომ ჩართო.

იმ დღიდან მოყოლებული გავიძახით „ნატო—ნატოს“, რითაც გულს ვუხეთქავთ მეზობელ რუსეთს. ანალოგიურად იქცეოდა და იქცევა უკრაინაც. მან, აშშ-ს უშუალო კარნახითა და დახმარებით — უპირველესად ფინანსურით, არჩეული პრეზიდენტი იანუკოვიჩიც დაამხო და მისი მთავრობაც. მოახდინა ფაშიზმის რეანიმაცია.

ჰიტლერთან მოთანამშრომლე ბანდერა ეროვნულ გმირად აქცია, ხოლო ფაშისტური აღლუმები ჩვეულებრივ მოვლენად. რუსული ენა ლამის ხმარებიდან განიდევნა, რუსეთი ნომერ პირველ მტრად, ოკუპანტად გამოაცხადა.

დასავლეთისთვის ასატანია ფაშიზმი, თუკი ის მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. რა მიიღო უკრაინამ? ის, რაც საქართველომ 2008 წლის ომის შედეგად. მან დაკარგა ყირიმის ნახევარკუნძული — ფაქტიურად და იურიდიულად; დონეცკი და ლუგანსკი ფაქტიურად — ჯერ-ჯერობით.

აშშ-ი, ნაცვლად უკრაინის გონს მოსაგებად, პირიქით აქეზებს მას. აწვდის იარაღს, წვრთნის ჯარისკაცებს და ა.შ. სულ ახლახანს კიევში გამართულ მორიგ თავყრილობას პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით მიმართა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდმა, რომელმაც რუსეთი გალანძღა და უკრაინა შეაგულიანა — ნუ გეშინიათ, აშშ-ი თქვენს გვერდით არისო.

ანალოგიური მხარდაჭერა გამოხატა ნატომ ბოლო მინისტერიალზე და ეუთომ.

რა არის ნატო? ნატო არის მოძველებული ორგანიზაცია, რომელმაც ევროპისთვის კარგა ხანია დაკარგა თავისი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ ის უნდა აშშ-ს, როგორც ევროპის სახელმწიფოების საგარეო და სამხედრო პოლიტიკის მართვის ინსტრუმენტი. ამისთვის კი საჭიროა რუსული აგრესიის მითის რეანიმაცია და ამ მითიური აგრესიის შემაკავებლად ნატოს გამოცხადება.

„ნატო შექმნეს დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონიერების დასაცავად“, — აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი. მაგრამ რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როდესაც გაღმით შედავაებასთან გვაქვს საქმე? ნატოს და აშშ-ს, რომლებსაც გადაუწყვეტიათ რუსეთის მოთავება და ამისთვის, რუსეთის საზღვრებთან მიმდგარნი, ცდილობენ ამ ქვეყნის ტომარაში მოქცევას, შემდგომში მისი მოგუდვის მიზნით, მსოფლიოს აყრუებენ რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე უკრაინის მიმართ. რეალურად ისინი ცდილობენ რუსეთის კონფლიქტში ჩართვას. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება დამნაშავე, მაშინაც კი, თუ უკრაინის არმია დონბასზე გაილაშქრებს, ხოლო რუსეთი დონბასს დაეხმარება.

დასავლეთი არ მიაქცევს ყურადღებას, თუ ვინ დაიწყო ომი. მისთვის დამნაშავე ცნობილია. ეს რუსეთია. წყლის წვეთებივით გავს უკრაინის დღევანდელი ვითარება, 2008 წლის ცხინვალის ომის დაწყების წინა პერიოდს. ამ მსგავსების თაობაზე არა მარტო რუსი პოლიტიკოსები აცხადებენ, არამედ დასავლელებიც.

რუსეთის საზღვრებთან მისული ნატო, რუსეთს რომ აგრესორს უწოდებს, თანაც ომის გაჩაღების მთავარ ინიციატორად მოიხსენიებს, რომელ სამართლიანობაზე შეიძლება ლაპარაკი?

რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან არ მისულა, პირიქით, იქ იყო და გამოვიდა. და რომ გამოვიდა, მაშინ დაუშვა შეცდომა — გამოუსწორებელი, რომელიც ყოველთვის შეახსენებს თავს კრემლის მესვეურებს, თუმცა ვითარებას ვეღარ უშველის.

სადამდე უნდა დაიხიოს რუსეთმა? ურალამდე? ან ისეთ „დემოკრატიად“ გადაქცევამდე, როგორიც უკრაინაშია?

აკი ნულანდმა უკრაინელებს, გულის გასაკეთებლად ახარა, რომ თურმე რუსები ისეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე ოცნებობენ, როგორიც უკრაინაა — დემოკრატიული, თავისუფალი, ბედნიერი.

აშშ-ს, რომ რუსეთის უკრაინად გადაქცევა უნდა, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან რამდენიმე კურდღელს ერთდროულად დაიჭერს. პირველი — სუპერ სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიის მქონეს, ჩამოიშორებს; მეორე — უკრაინის მსგავსად, დამოკიდებულ, მორჩილ ქვეყნად გადააქცევს; მესამე — დამორჩილებულს, დაიყოლიებს სიმდიდრეების მისთვის ჩაბარებაში; მეოთხე — გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ სამუდამო გაყინვით, გზას გაუხსნის საკუთარი დაჭირხლული გაზის, ორჯერ ძვირის, ევროპის ბაზარზე შეტანას.

აშშ-ს კონგრესში მოკალათებული ორივე პარტია, რუსეთის წინააღმდეგ დალესილი, ახალი სანქციებისთვის ემზადება. რესპუბლიკელებს სურთ სანქციების წინასწარ დაწესება, ვიდრე რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დაუწყია. დემოკრატებს კი სურთ მხოლოდ აგრესიის შემდეგ, აგრესიას უკრაინას წამოაწყებინებენ და რუსეთს დააბრალებენ.

„აგრესორმა“ რუსეთმა, პუტინის სახით განაცხადა, რომ აგრესიას არ აპირებს და ისიც დააყოლა ჯერ-ჯერობით. მან დასავლეთს მშვიდობის გარანტიებიც მოსთხოვა — ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკავშირებით, თანაც დოკუმენტის სახით, რაზეც ბრიუსელმა უარით უპასუხა.

სიტყვიერი დაპირისპირება კულმინაციას აღწევს, რომელსაც უდავოდ რაღაც მოჰყვება. დაპირისპირება თავისთავად არ ჩაცხრება. ერთადერთი იმედიღა დარჩა — პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკება, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართება. პუტინი სალაპარაკოდ მზადაა. ის, ბაიდენისგან ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებას, ანუ უკრაინა-საქართველოს ნატოში არ მიღებას წერტილი დაესვას, თანაც არა სიტყვით, არამედ დოკუმენტით. სიტყვიერი დაპირების სიმწარე რუსეთმა უკვე იგემა გორბაჩოვ-ელცინის დროს.

ბაიდენიც მზადაა — მას სურს შეაჩეროს რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სხვაც, რაზეც საჯაროდ არ ამბობს. მოლაპარაკების დროს კი იტყვის, მოსკოვ-პეკინის არჩახუტების სანაცვლოდ, ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოება.

მოლაპარაკების ორგანიზებისთვის არაერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა მოსკოვში, მათ შორის ცსს უფროსი უილიამ ბერნსი. იქნებ სწორედ ამ შეხვედრების დროს ეცნობა აშშ-ს მხარეს, რუსული მხარის სურვილი?

ეს, ჩემი ვარაუდია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ მოითხოვდა პუტინი ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებაზე დოკუმენტური პასუხის წარდგენას.

7 დეკემბრამდე ცოტა დარჩა. დაველოდოთ მოლაპარაკების შედეგებს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

რედაქციის მინაწერი: სტატია დაიწერა 5 დეკემბერს. 7 დეკემბრის საღამოს მონაცემებით, შეხვედრა მართლაც გაიმართა და დადებითი განწყობით ჩაიარა, თუმცა ინფორმაციები ამ შეხვედრის გარშემო მეტად მწირია. იხილეთ ინფორმაცია.