უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აშშ-ის კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ისა და გერმანიის მთავრობებმა შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს.
ამასთანავე, Reuters-ის ინფორმაციით, გაურკვეველია, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები სამხედრო აგრესიის განმარტებაზე.
7 დეკემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, „დემოკრატებმა“ მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან ის დებულებები ამოიღეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯიმ რიში აცხადებს, რომ ეს ყველაზე ცუდი გზავნილია უკრაინისთვის იმ დროს, როდესაც პუტინის ძალები მის კარებთან დგანან.
21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.
7 დეკემბერს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოსამიტი გაიმართა.