“დეკემბრის დასაწყისიდან ებრძოდა სიკვდილს და გუშინ, ჩემი ძმის დაბადების დღეს, გარდაცვლილა” – დავით თევზაძე

თავდაცვის ექს-მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში პირად ტრაგედიაზე ყვება:

რაც ეს დეკემბერი დაიწყო, უგუნებოდ ვიყავი, შინაგანად მაწვალებდა რაღაც… ზოგადად, ბოლო 28 წელი, დეკემბრის დასაწყისი ყველაზე მძიმე პერიოდია ჩემთვის, წლის ყველა დროსაგან გამორჩეულად მძიმე და ბოლო 21 წელი უფრო დამიმძიმდა: 3 დეკემბერს შვილის წლისთავია, წელს უკვე 28-ე, ხოლო 8 დეკემბერს – ჩემი, 2000 წელს დაღუპული ძმის დაბადების დღე…
თუმცა, როგორც ამ დილით გაირკვა, უგუნებობის მიზეზი ეს არ ყოფილა სინამდვილეში … ჩემი ბიძაშვილი, დედაჩემის ძმისშვილი, კონსტანტინე იოსელიანი, აი ის, რომელიც ჩემს ძმასთან ერთად უნდა დაღუპულიყო მაშინ, 2000-ში და რომლის გადარჩენა შევძელით, რომელიც ამის მერე ამერიკაში წავიდა ცოლ-შვილიანად, თურმე სიკვდილს ებრძოდა იქ, ოკენის გადაღმა და მე ამას აქ ვგრძნობდი… დეკემბრის დასაწყისიდან ებრძოდა სიკვდილს და გუშინ, გამთენიისას, ჩემი ძმის დაბადების დღეს, გარდაცვლილა… არადა, გაზაფხულზე მომწერა, სექტემბერში უნდა ჩამოვიდე, მამის საფლავი მოვინახულოო… აღარ ჩამოვიდა…
დაიბადა მოსკოვში, გაიზარდა და დაცოლშვილდა თბილისში, სიმშვიდე და სამუდამო განსასვენებელი იპოვა ამერიკაში… ბედი კაცისა…
მშვიდად განისვენე კოტე, მამის საფლავს მე მიგიხედავ, სანამ შემიძლია… იქაც ჩვენები დაგხვდებიან და მარტოობას ვერ იგრძნობ…
ეეხ, კოტე, კოტე ….