თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გამგებლებს დაავალა, კვირაში ორი დღე მოქალაქეებთან შეხვედრას დაუთმონ. ამასთან, შეხვედრები იქნება თბილისის მერიაშიც.
„გამგებლებს გავალებთ, რომ კვირაში ორი დღე გამოყოთ, ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც მოქალაქეების მიღების დღეები იქნება და მოუსმინოთ ადამიანებს. კარგად მესმის, რომ ყველა პრობლემას, ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი. რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ, როცა შეიძლება რაღაც კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაც არ გამოდიოდეს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და უნდა იცოდეს, რატომ ვერ სრულდება მისი კონკრეტული მოთხოვნა. მოქალაქეების მიღება იქნება დედაქალაქის მერიაშიც – ხუთშაბათობით და პარასკევობით გაიმართება ადამიანების მოსმენა და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად, ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული პრობლემები და საჭიროებები აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
“იმედინიუსი”