მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
პრაქტიკულად, დღეს ისეთი სურათი მივიღეთ, როცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის – განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ეროვნული შერიგების თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” გულწრფელობის არავის სჯერა, „მას მეთოდები დაუძველდა და მისი ყველა პოლიტიკური ხრიკი საზოგადოებამ კარგად იცის“.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია. იგივე ნიკა მელიას განცხადებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. მისი ეს განცხადება თავად სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომელმაც ცარიელ დღის წესრიგში სასწრაფოდ შემოაგდო ე.წ. შერიგების საკითხი, რისიც არავის სჯერა. შერიგება და ამნისტია მაშინ ხდება, როცა მხარეებს უნდათ, მომავალში ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს, ჩვენ მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას და იყოს ოპოზიციაში. აპირებს, რომ ნებისმიერი მეთოდებით ხელისუფლების დაბრუნებისთვის იბრძოლოს. ამ ფონზე თუ ვინმეს სჯერა მათი გულწრფელი შერიგების, ძალიან ცდება. ამ ეტაპზე, თუ რომელიმე პარტიას ე.წ. შერიგება სურს, პარლამენტში მობრძანდეს, აღიაროს პარლამენტის ლეგიტიმურობა და ამის შემდეგ შეიძლება მათი გულწრფელი სურვილი დავინახოთ“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
წყარო: itv.ge