ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ვისაუბრეთ სააკაშვილის საქმეზე, სხვა პარტიების ლიდერებზე, რომელთა დევნა ხდება.
ფრაქციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით არსებულ ყველა საკითხზე. რაც შეეხება პარტნიორების პოზიციას, მინაშვილის განცხადებით, ანგარიშს თავად გამოაქვეყნებენ.
– “ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ გვინდა, ქვეყანაში კრიზისი იყოს დაძლეული, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ცხადია, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ის არის წამების, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი, ის არის პოლიტიკური დევნილი და შურისძიების მსხვერპლი. ჩვენ ვისაუბრეთ სხვა პარტიების პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებით, რომ ფართომასშტაბიანი დევნა ხდება იმ ადამიანების, ვისაც ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ გვინდა ქვეყანა გამოვიდეს მძიმე ვითარებიდან და გაუჩნდეს ეკონომიკური განვითარების შანსი, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა და რეალური რეფორმის გატარება. ხედავთ, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ როგორ “გადააგდო” არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ჩვენი ყველა პარტნიორი – არ ატარებს არანაირ რეფორმას და პირიქით, ამ დაპირებების საწინააღმდეგოდ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ქვეყანაში არ განხორციელებულა რეალური საარჩევნო რეფორა. საარჩევნო რეფორმის, ვადამდელი არჩევნების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. ყველა ამ საკითხზე იყო საუბარი” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
წყარო: ptn.ge