საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ “ინკლუზიური პროცესის” დასაწყებად “სამი პრეზიდენტის შეხვედრა” “ძალიან ადეკვატური” იქნება. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.
“მე მგონია, რომ “სამი პრეზიდენტის შეხვედრა” ძალიან ადეკვატური ტაქტიკაა, რამდენიმე მომენტიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ასეთი პროცესი ვერაფრის დიდებით ვერ ჩაიკეტება ამ ფორმატში. “სამი პრეზიდენტის შეხვედრა”, როგორც დასაწყისი, სწორად დანახული დინამიკაა.
პირველი მომენტი – შენ [ზურაბიშვილი] ბუნებრივად წევ ამ პროცესის წონას და თუ გუშინ გაკრიტიკებდნენ, მარტო როგორც მოქმედ მეხუთე პრეზიდენტს, გაკრიტიკებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალა, დღეს, როდესაც იგივე პოზიციაზე ხართ მესამე, მეოთხე, მეხუთე პრეზიდენტები, შენი პოლიტიკური წონა ბევრად იზრდება. ქალბატონ პრეზიდენტს არ აკლია პოლიტიკური წონა, მაგრამ ასეთ ვითარებაში ბერვად უფრო იზრდება.
მეორე მომენტი – შენ ქმნი საქართველოში მანამდე არარსებულ პრეცედენტს, რაც მაგალითად თავად სააკაშვილმა ვერ მოახერხა, მას არ ჰქონია შევარდნაძის ასეთი ჩართულობის ნაბიჯები. ინაუგურაციაზე არ უნდა ყოფილიყო შევარდნაძე? ასეთ სიმბოლიზმზე ვლაპარაკობ, ასე რომ, თუ ქალბატონი პრეზიდენტი ასეთ სიმბოლიზმზე წავა, ის შექმნის მანამდე ქართულ პოლიტიკურ კულტურაში არარსებულ პრეცედენტს.
მესამე მომენტი – რეალურად ასეთი შეხვედრა არის ყველა პოლიტიკური გემოვნების მომცველი, რომლის შედეგადაც, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე კონკრეტულ მუხლებს და კანონპროექტებს არ გაივლი, მაგრამ ძალიან კარგ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნი შემდეგი საუბრისთვის”, – განმარტა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა უნდა გაიმართოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტყვის, მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოიყვანენ.
თუმცა მარგველაშვილის განცხადებით, ამ საკითხის მიმართ “პესიმისტურადაა განწყობილი” იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში 2021 წელს განვითარდა.
“ჩემი პესიმიზმის საფუძველია, რომ 2021 წელს არაფერი არ უნდა დათმობილიყო, ეს ემოცია უკვე პოლიტიკური მენტალობის ნაწილია, რომ ყველაფერი ერთი ძალის ქვეშ…”, – განმარტა მარგველაშვილმა.
11 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ინკლუზიური პროცესის დაწყებაზე წერილით უპასუხა და მას დიალოგის დასაწყებად პირველი შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილთან ერთად შესთავაზა.
როგორც სააკაშვილი წერს , დიალოგის დასაწყებად საჭიროა ყველანი მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ და ამისთვის საუკეთესო ფორმატად ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელს ასახელებს, სადაც სამართლის და შერიგების კომისია შეიქმნა. როგორც სააკაშვილი ამბობს, ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.
“ნეტგაზეთი”