“ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი!?”- ალეკო ელისაშვილი

ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ შერიგებას გულისხმობს, გამოხმაურებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინადადება მისაღებია, თუმცა მათთვის წარმოუდგენელია რა ფორმით უნდა დაიწყოს ეს პროცესი.

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ განცხადებას არანაირი აზრი არ ექნება, თუ მას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვა.

“მხოლოდ განცხადებებს არანაირი აზრი არ აქვს, თუ ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება და ის ინიციატივა, რომელიც დააყენა მიხეილ სააკაშვილმა საერთო ეროვნული შერიგების შესახებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ინციატივას თუ მოყვება კონკრეტული გაგრძელება და ჩვენ თუ ვნახავთ რომ მართლაც ქართული ოცნება და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მზად არის იმისთვის, რომ ასეთი დიალოგი წარიმართოს, ეს იქნება გამოსავალი რომ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ვიმყოფებით,” – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეები” თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს პრეზიდენტის იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ როგორც მოახერხებს ამას სალომე ზურაბიშვილი, არ იცის.

“ეს სიძულვილი, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში, ეს გავარვარებული ზიზღი ერთმანეთის, ამან დაიწიოს. როგორ მოახერხებს, ცოტა რთული წარმოსადგენია პირადად ჩემთვის და რამდენად წარმატებით მოახერხებს, როდესაც ყველას უნდა ერთმანეთი გვძულდეს ამ ქართულ პოლიტიკაში. ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ თუ განცხადების მიღმა კონკრეტული სურვილი დგას, ამ იდეას ემხრობა.

– “ახლა უნდა დავაზუსტოთ, ეს იყო პიარ სვლა, უბრალოდ ლამაზი სიტყვები თუ ამის უკან დგას კონკრეტული სურვილი და შინაარსი. თუ კონკრეტული სურვილი და შინაარსი დგას, მე ეს იდეა მომწონს,“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

წყარო: ptn.ge