სამი ათეული წელია, საქართველო ტრიალებს ერთ ადგილზე და ვერ გამოსულა მოჯადოებული წრიდან. დასავლეთზე სწორება და ორიენტაცია ვერანაირად ვერ აბალანსებს კონფრონტაციისა და წაყრუების პოლიტიკის შედეგებს რუსეთთან დამოკიდებულებაში.
30 წელია, ვერ გაგვიგია, რა გვჭირს და როგორ მოვიქცეთ ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან გამოსასვლელეად. ვერ გაგვიგია, რატომ ვერ ახერხებს ქართული სახელმწიფო მტერთან და მოყვარესთან არგუმენტირებულ პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც წლების განმავლობაში კატეგორიულად ითხოვს საქართველოს მოსახლება.
არა და ასეთი დიალოგი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა მოვიძიოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. გაუგებარია რატომ ვერ ხერხდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა? რუსეთის ხელისუფლების ადრინდელი განცხადებით, სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყოფებოდა, ქართულ მხარეს არ დაელაპარაკებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქართული მხარე უარს აცხადებს დიალოგზე, ქართული რეგიონების დეოკუპაციის გარეშე. მოგვიტევეთ და ასეთი დამოკიდებულება და არგუმენტები არასერიოზულად გამოიყურება.
რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ისევ პრობლემის დასაწყისში ვბრუნდებით. დეოკუპაციის პროცესისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის დაწყება წარმოუდგენელია მოლაპარაკებების გარეშე. ასე უსასრულოდ ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეში. გაუგებარია, რას ელოდება ქართული მხარე და რამდენი ხანი გაგრძელდება ასეთი უაზრო ლოდინი. თუ ვინმეს ნებართვას ელოდება, განაცხადოს ღიად და ხალხი გადაწყვეტს რა მოიმოქმედოს.
ყველას გვესმის რომ მოლაპარაკებების პლატფორმა ძალიან ნეგატიური და უარყოფითად დამუხტულია. ძალიან ძნელია დიალოგის დაწყება მხარესთან რომელთანაც 30 წელია დამანგრეველ კონფრონტაციაში იმყოფები. ამის გაკეთება არ იქნება ადვილი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. საქართველოს ისტორია ხომ მუდმივად ასეთ რეჟიმში არსებობის, ლავირებისა და გადარჩენის ისტორიას წარმოადგენს. რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელია და მასთან პირდაპირ, უმაღლეს დონეზე დილოგის დაწყებას ალტერნატივა არ გააჩნია.
ქართული მხარის პოზიცია და მიზანი სამართლიანი და გასაგებია. მაგრამ ასევე უნდა გავაანალიზოთ და გავიაზროთ რა უნდა რუსეთა კონკრეტულად საქართველოსაგან და რატომ გვექცევა ასე. საკითხს წმინდა პრაგმატული კუთხით შევხედოთ. წინასწარ ვიტყვი რომ მოყვანილი არგუმენტები არანაირად არ ამართლებს რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია რომ მას ჩვენდა და მრავალთა საუბედუროდ უბრალოდ არ შეუძლია სხვანაირად მოქცევა.
რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა. დედამიწის მეექვსედზე გადაჭიმული, უნდა თუ არა, ის იმპერიას წარმოადგენს. არც ერთი რუსი რიგითი მოქალაქე და არც ერთი რუსული ხელისუფლება ვერ და არ დათანხმდება მის დაშლას. აქედან იწყება პრობლემების სათავე. ზოგადად დიდი ქვეყნის ინტერესები და საგარეო პოლიტიკა ვერასოდეს იქნება პატარა ქვეყნის მსგავსი. მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს ანალოგი იმისა, რომ დიდი ქვეყანა თუ იმპერია სამართლიან პოლიტიკას ანხორციელებდეს. ამას ერთნი ხავერდოვანი მიდგომით, მეორენი უხეში და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ანხორციელებდა და ანხორციელებს.
ყველა დიდი ქვეყანა და იმპერია მისი მასშტაბების, წარსულის და ამბიციების მძევალია. იმპერიათა ლიკვიდაცია მხოლოდ განსაკუთრებული ისტორიული პროცესების შედეგად ხდება. გავიხსენოთ თუნდაც გერმანიის გაერთიანება. რუსეთს ძალიანაც რომ უნდოდეს საქართველოს ვერ დათმობს. პირველი მიზეზი ის არის რომ საქართველო ამიერკავკასიის გასაღებია და მასზე კონტროლის დაკარგვა მთლიანად კავკასიის სამხრეთის დაკარგვის ტოლფასია. კავკასიის სამხრეთის დაკარგვა კი ჯერ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის, შემდგომ კრასნოდარისა და სტავროპოლის (და არა მხოლოდ) მხარეების დაკარგვას ნიშნავს.
საქართველოზე კონტროლის დაკარგვა, აზიის ნავთობით მდიდარი ქვეყნებიდან, რუსეთის გვერდის ავლით, ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგებას ნიშნავს. ამას რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რადგან ეს საკითხი ზოგადად მისი, როგორც ზესახელმწიფოს არსებობის გარანტია. გარკვეულწილად საქართველო თავისი სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობის მძევალია, სადაც თანამედროვე მსოფლიოს მოდერნიზებული იმპერიების ინტერესები ეჯახება. ეს იმპერიები სრულიად განსხვავებული მეთოდებით ცდილობენ ქართულ სახელმწიფოზე კონტროლის დამყარებას.
2008 წლის კონფლიქტი არ იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი უფრო დასავლეთსა და ამერიკას ებრძოდა. კოსოვოს მოვლენებითა და „ფერადი რევოლუციების“ პროექტებით გაღიზიანებული რუსეთი, დასავლეთს ჩვენს ტერიტორიაზე დაუპირისპირდა. ეს იყო მისი საჩვენებელი რაექცია ჩვენს ხარჯზე. ასევე რუსეთი ერთი ფეხის ნაბიჯზე მიუახლოვდა მისთვის არასასურველ ბაქო-ჯეიჰანის უკვე არსებულ და მომავალში დაგეგმილ სტრატეგიულ ნავთობსადენებს.
რუსეთი დაუყონებლივ დაუპირისპირდა ჩვენზე გაცილებით ძლევამოსილ უკრაინას. მან დაუფიქრებლად, უხეშად დაარღვია სუვერენული ქვეყნის მთლიანობა, ვერ და არ დათმო ყირიმი, რადგან იქ მისი ინტერესების საწინააღმდეგო ანკლავი იქმნებოდა , რაც მის შავი ზღვის აკვატორიიდან გაძევებას ნიშნავდა. რუსეთი არაფრად აგდებს თანამედროვე მსოფლიო წესრიგს, რადგან მას უბრალოდ არ შეუძლია და არ სურს თვითლიკვიდაცია. მას არ გააჩნია ძლიერი ეკონომიკა იმისათვის რომ ფინანსურად და „ხავედოვანი“ მეთოდებით უზრუნველყოს საკუთარი არსებობა.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები მიზნად არ ისახავს რუსეთის ქმედებების გამართლებას. რუსეთი თავისი წარსულისა და აწმყოს მძევალია, ხოლო საქართველო – ოდითგანვე თავისი სტრატეგიული მდებარეობის. რას უნდა ველოდოთ მომავალში? როგორ უნდა მოვიქცეთ? ალბათ ისე როგორც ჩვენი დიდი წინაპრები, რომლებიც მოწინააღმდეგესთან ყველაზე მტკივნეულ მაგრამ აუცილებელ დიალოგზე თანხმდებოდნენ და მიდიოდნენ.
ვინაიდან ცივილიზებული დიალოგის პროცესი ჩიხშია შესული, ვინაიდან თვითონ საკითხი ურთულესი და არაპროგნოზირებადია, საჭიროა რუსეთთან მოლაპარაკებისა და მომავალი ურთიერთობის დეტალების ფართო საზოგადოებრივი განხილვა. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ დამოუკიდებლად გადასაწყვეტი არ არის. არც ერთ პოლიტუკურ ძალას, არ აქვს უფლება ხალხის და ქვეყნის სახელით ილაპარაკოს. ასეთი ზემგრძნობიარე თემით სპეკულაცია და მანიპულირება უბრალოდ დანაშაულია.
არც ხელისუფლებას არ აქვს არ აქვს უფლება, ამომრჩევლის გარეშე გადაწყვიტოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები. ასეთი სასიცოცოხლო მნიშვნელობის თემებზე, დამოუკიდებლად ესაუბროს, ან უარყოს დიალოგი. მით უმეტეს არა აქვს უფლება მოქმედებდეს რომელიმე გარე ძალის კარნახით. ქართველ ხალხზე უკეთესად არავინ იცნობს დღეს მტრად მოკიდებულ გუშინდელ მოყვარეს.
წარსულში ვერავინ დაგვაბრუნებს, რადგან ცხოვრებას თავისი ლოგიკა აქვს. საქართველომ მტკივნეული მაგრამ პრაგმატული და გარდაუვლად აუცილებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პირდაპირ და უმაღლეს დონეზე უნდა დაელაპარაკოს რუსეთს. ასეთია ქვეყნის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის ნება. ეს გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება. და რაც მალე მოხდება მით უკეთესი. ყველა ჭეშმარიტმა ქართველმა და ხელისუფალმა, ქვეყნის სასიკეთოდ უნდა შესძლოს და „თავი გაიმეტოს“ ამ მეტად მტკივნეული დიალოგისათვის.
დავით აბულაძე