სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო შერიგებაზე აზრდაკარგულია – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, აზრდაკარგულია საუბარი სამოქალაქო შერიგებაზე.

„მნიშვნელოვანია ახლა მობილიზაცია, რომ ჩვენი ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობაზე და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, აზრდაკარგული იქნება“, – თქვა მან „მთავარი არხის“ ეთერში.

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლისას მან დასძინა, რომ დემოკრატიას შიდა საფრთხეებიც აქვს, როგორიცაა მათ შორის პოლარიზება.

მან პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

ზურაბიშვილის ამ განცხადებას მეორე დღეს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც და შესთავაზა მას, დიალოგის დასაწყებად გორის ჰოსპიტალში პირველ შეხვედრა გამართულიყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად.