ჩვენი უსაფრთხოების გარანტია შეიძლება მხოლოდ ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარება იყოს

გადაწყვეტილებები, რასაც თქვენ – „ქართული ოცნება“ იღებთ, ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აფერხებს, ასევე, ეს გადაწყვეტილებები პუტინისა და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა.

ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მოთხოვნაა, რეალურად მოხდეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და არა ის, რომ ამბობთ ერთს და სამწუხაროდ აკეთებთ მეორეს,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადა.

ამასთან, ვაშაძე მოსამართლეებსა და „ქართული ოცნების“ წევრებს უკუსვლის შეწყვეტისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„გადაწყვეტილებები, რასაც თქვენ – „ქართული ოცნება“ იღებთ, ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აფერხებს, ასევე, ეს გადაწყვეტილებები პუტინისა და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა. დიახ, პუტინის და რუსეთის მოკავშირეა ის გადაწყვეტილება, როდესაც ნატო-ს კომუნიკეში მოხსენებული 19 აპრილის შეთანხმებას ანულირება გაუკეთეთ. ასევე, პუტინის და რუსეთის მოკავშირეა ის, როდესაც სასამართლო რეფორმაზე უარს ამბობთ. 19 აპრილის შეთანხმებაშიც იყო მოხსენიებული კონკრეტულად რა რეფორმები უნდა გატარებულიყო. ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე უარის თქმა ასევე არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში იყო მოხსენიებული. ანალოგიურად რუსეთის მოკავშირეობაა, როდესაც ეკონომიკური რეფორმები არ ხორციელდება და სიღატაკესა და სიღარიბეში იხრჩობა ქვეყანა, როდესაც ასობით ათასი ადამიანი ქვეყანას ტოვებს სარჩოს მოსაპოვებლად. მე კითხვას ვსვამ, როგორ უნდა დავუახლოვდეთ და დავაჩქაროთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

ვეთანხმები ჩემს წინა გამომსვლელს, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტია შეიძლება მხოლოდ ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარება იყოს. ერთია განცხადება, მეორეა რა ხდება რეალურად ქვეყანაში. ნამდვილად არ მინდა საქართველო მივიდეს იქამდე, რომ ადამიანები ვინც უარს ამბობენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და რეფორმებს ეწინააღმდეგებიან, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, ამიტომ ყველა მოსამართლეს, ვინც კლანის წევრია, ყველა იმ ადამიანს, ვინც „ქართული ოცნების“ წევრია მოგიწოდებთ, შეეშვით უკუსვლის პროცესს და რაზეც შევთანხმდით 19 აპრილს, გაგრძელდეს იმის რეალიზება. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მოთხოვნაა, რეალურად მოხდეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და არა ის, რომ ამბობთ ერთს და სამწუხაროდ აკეთებთ მეორეს. საფრთხე დიდია, და ამ საფრთხეს შესაბამისი პასუხის გაცემა უნდა“ – განაცხადა ვაშაძემ.

წყარო: ptn.ge