სომხეთ-აზერბაიჯანი რკინიგზის გახსნაზე შეთანხმდა

ევროკავშირი ექსპერტთა მისიას გამოყოფს, რათა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია მოხდეს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

შარლ მიშელმა მოუწოდა ბაქოს და ერევანს კეთილსინდისიერად იმუშაონ და დეესკალაციას ხელი შეუწყონ.

„ევროკავშირის საექსპერტო მისიას/საკონსულტაციო ჯგუფს გამოყოფს, რათა ორივე მხარეს საზღვრის დელიმიტაციის საკითხში ტექნიკური დახმარება აღმოვუჩინოთ”. – წერია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დაეთანხმნენ იმას, რომ დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხზე მოლაპარაკების კონტექსტში აუცილებელი იქნება მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ადგილზე დაძაბულობის დეესკალაციის და მოლაპარაკებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად.

„პრეზიდენტმა მიშელმა მოუწოდა ბაქოს და ერევანს, რომ დეესკალაციის პროცესში ძალთა სათანადო დისტანციაზე დაშორიშორება მოხდეს, რათა მომავალში ინციდენტები აღარ განმეორდეს“ – წერია შარლ მიშელის განცხადებაში.

azerbaycan24.com-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენაზე. კერძოდ, ე.წ. ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიას და შემდეგ თურქეთს დაუკავშირებს. ამ წყაროს ინფორმაციით, სომხეთი რკინიგზის მშენებლობაზე თანახმაა და სომხეთი საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობას მალე შეუდგება. მხარეები საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

როგორც ოფიციალურ გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა, რკინიგზის აღდგენაზე შეთანხმება მიღწეულია. „რკინიგზა იმუშავებს ურთიერთმოგებიან საფუძველზე, იმ ქვეყნების სუვერენიტეტის და იურისდიქციის ფარგლებში, სადაც ის გაივლის, საერთაშორისო საბაჟო და სასაზღვრო წესების მიხედვით. სომხეთს ექნება კავშირის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და რუსეთის ფედერაციასთან რკინიგზის მეშვეობით, ჩვენ შევთანხმდით კონტაქტების გაგრძელებაზე“ – წერს ფაშინიანი.