მსოფლიოს ამწიოკებელმა კორონავირუსმა „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველა!
ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთმა არ მოახდინა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების იგნორირება. დასავლეთის მახვილ თვალს არც ის გამორჩენია, რომ ხელისუფლება პოლიტპატიმრების განთავისუფლებას არ აპირებდა, არადა ივანიშვილის პარტიის ლიდერებმა ამერიკელების და ევროპელების წინაშე პირობა დადეს, რომ პოლიტპატიმრებსაც გამოუშვებდნენ და საარჩევნო კოდექსსაც შეცვლიდნენ.
საკმარისი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებს ეთქვათ – საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და მათ შეწყალებაზე არ ყოფილა საუბარი, რომ დასავლეთიდან საპროტესტო წერილების ნამდვილი ნიაღვარი წამოვიდა. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ღიად ითხოვდნენ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას.
მეოცნებეებმა ამაზე განაცხადეს, რომ წერილების ავტორები ნაციონალების ძმაკაცები არიან და რაკი ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს, შესაბამისად არც მათ განთავისუფლებაზე უნდა იყოს საუბარი. განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ყელყელაობდნენ. თავისი სეფე სიტყვა გია ვოლსკიმაც თქვა, რომელიც ასაკის მიუხედავად ნეოკომკავშირლების გუნდში მოიაზრება.
ამ პოლიტიკოსთა სიმტკიცემ სულ რამდენიმე დღე გასტანა. როგორც კი დასავლეთიდან სანქციების სურნელმა დაუბერა, დანებდნენ და სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისის საღამოს ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ამ გადაწყვეტილებას რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად არ მიიღებდა ყველა ხვდება. მას ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა და მოსთხოვა უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება.
საქმე რომ აქამდე მივიდოდა, ეს ჯერ კიდევ აპრილში გახდა ნათელი.
14 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამ განაჩენს მეორე დღესვე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის ელჩი. ერთ თვის წინ „თაიმერი“ წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან აშშ-ს ელჩს ჰქონდა კომუნიკაცია, რომელმაც პირდაპირ მოითხოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის განთავისუფლება.
საინტერესოა, რომ ელჩთან კომუნიკაციიდან რამდენიმე დღეში, ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო შედგა, ამჯერად უკვე ბუტა რობაქიძის საქმეზე. თავდაცვის ყოფილ მინისტრს აქაც აღმკვეთი ჰქონდა მისჯილი, რომელიც შეიცვალა. ცხადი გახდა, რომ იგი მალე დატოვებდა საპატიმროს.
ამას „ოცნებაშიც“ ხვდებოდნენ, მაგრამ რატომღაც ძალიან გაჯიუტდნენ. განსაკუთრებით აგრესიულად კობახიძე და თალაკვაძე იქცეოდნენ. აღსანიშნავია, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებს სწორედ ისინი ესწრებოდნენ. როგორც ამბობენ, ამ შეხვედრებზე თალაკვაძეს ოპოზიციასთან ივანიშვილი უგინებია, მაგისი ვერ გავიგე, ერთ დღეს ერთს მავალებს და მეორე დღეს მეორესო.
ივანიშვილს მართლა ცვალებადი ბუნება აქვს. ეტყობა მოქმედ და ყოფილ სპიკერებს მისი რისხვის შეეშინდათ და ივანიშვილს სიმართლე დაუმალეს. არ უთხრეს, რომ 8 მარტს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც შედგა შეთანხმება.
აღნიშნული შეხვედრა ამერიკის საელჩოში გაიმართა. დიდი ალბათობით მოხდებოდა მისი ჩაწერა და არაა გამორიცხული, საელჩომ ივაიშვილს ეს ჩანაწერი გადასცა. ამიტომაც არიან კობახიძე და თალაკვაძე ასეთი გამწარებულები. გამწარებულია მათი კლანის ლიდერი კახა კალაძეც. გასამწარებელი ნამდვილად აქვთ საქმე. ახლა მთელ რისხვას ივანიშვილი მათ დაატეხს თავზე, არადა ამ გუნდს ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. ირაკლი კობახიძეს ისევ პარლამენტის სპიკერობაზე ეჭირა თვალი, თალაკვაძის კანდიდატურა კი პრემიერად მოიაზრებოდა. ამიტომ ცდილობდნენ ისინი, რომ ოპოზიციასთან დათმობაზე არ წასულიყვნენ, თან ისიც ემტკიცებინათ, რომ დასავლელი პარტნიორების თანდასწრებით პოლიტპატიმრებზე საუბარი არ ყოფილა.
პოლიტპატიმრების თემაზე განცხადება პრემიერმა გახარიამაც გააკეთა. მან თქვა, პოლიტპატიმრები არ გვყავსო, მაგრამ იქცე ორაზროვნად დასძინა, რომ საქართველო შეთანხმებას შეასრულებდა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „თაიმერთან“ საუბარში მაშინ აღნიშნა, რომ გახარიას განცხადების პირველი ნაწილი ივანიშვილის გასაგონად იყო ნათქვამი, მეორე ნაწილი კი დასავლეთის. ახლა აღმოჩნდა, რომ ის თალაკვაძისა და კობახიძის მიმართ შორსმჭვრეტელი ყოფილა.
ახლა პოლიტპატიმრები გარეთ არიან. კალაძის „კლასტერი“ სიმწრისგან სალომე ზურაბიშვილს აძაგებს. მისმა ხელმოწერილმა დოკუმენტმა და გარეთ გამოსულმა ოქრუაშვილი-უგულავას დუეტმა ამ გუნდს საპრემიერო გეგმები ჩაუშალა.
“თაიმერი”