პრეზიდენტთან საახალწლო მიღებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ – შემდეგ, როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, შეხვედრებს შევუერთდებით.
პრეზიდენტთან საახალწლო მიღებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ – შემდეგ, როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, ასეთ შეხვედრებს შევუერთდებით – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიესალმება სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც მიღებას დაესწრებიან და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიციები “მოითელოს”.
„შეხვედრის ფორმა არაორდინალურია, ამ შეხვედრას ჰქვია საახალწლო მიღება. ბუნებრივია, ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, თუმცა ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, რომელიც ისარგებლებს ამ შემთხვევით, მივესალმებით. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, მოითელოს გარკვეული პოზიციები იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა და ეხებოდა შეთანხმების პროცესის დაწყებას და წარმართვას. შემდეგ, როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, ბუნებრივია, ასეთ შეხვედრებს შევუერთდებით და უფრო ხელშესახებად ვიმუშავებთ“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა შერიგებაზე მისაღებია.
– „ქვეყანას სჭირდება ახალი ათვლის წერტილი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვაპირებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას და ამ ფორმატში მონაწილეობას. თუ „ქართული ოცნება“ ჩააგდებს ამ ინიციატივას და არ მიიღებს მონაწილეობას, ეს კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ის ხელისუფლების მიტაცებას, უზურპაციას ახდენს და არ ითვალისწინებს არსებულ პოლიტიკურ რეალობას“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.
წყარო: itv.ge