ეკა ბესელია: პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ მწვავე იყო და არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი მმართველი პარტიისთვის.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის განცხადებები საკმაოდ მწვავე იყო და არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი მმართველი პარტიისთვის.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტი უჩვეულოდ კრიტიკული იყო.
– “პრეზიდენტმა დასაწყისისთვის საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ბევრის თქმა შეძლო დღევანდელ მიღებაზე. ვფიქრობ, უფრო მეტი კონკრეტიკა დღეს შეუძლებელი იყო. ამ საკითხების უფრო მეტად დავიწროება ალბათ, ფორმატს რაღაც ბარიერებს შეუქმნიდა.
პირადად ჩემთვის ძალიან გასაგები იყო გზავნილები. ალბათ, ბევრისთვის უჩვეულოდ კრიტიკული იყო მისი შეფასებითი ნაწილი. ბევრ საკითხზე საკმაოდ მწვავე იყო მისი შეფასება. მათ შორის, როდესაც საუბრობდა კრიზისული ვითარებიდან გამოსავალზე, დემოკრატიის გზაზე, საფრთხეები და ასე შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ მწვავე იყო და არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი მმართველი პარტიისთვის” – აღნიშნავს ბესელია.
წყარო: ptn.ge