იანვარ-თებერვალში, მთელი პარტია ჩავალთ მოსკოვში – „ალტ-ინფოს“ პარტია რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გეგმავს

სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში, ჩვენ, მთელი პარტია ჩავალთ მოსკოვში – ამის შესახებ ნტიდასავლური და რადიკალური ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა.

„ჩასული იყო, რომ საკითხები წინასწარ მოამზადოს. იქითა წლის დასაწყისში, სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში, ჩვენ, მთელი პარტია ჩავალთ მოსკოვში. მოსამზადებელი იყო ეს შეხვედრა. საუბარი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, დუმის აპარატებზე, რომლებთანაც მოსამზადებელი რუტინა გაიარა, შემდეგ უკვე ოფიციალურ პირებს შევხვდებით ჩვენ, როცა იქ ჩავალთ. საკითხები უნდა გაგვევლო ახლა წინასწარ, რისთვისაც პირადი კომუნიკაცია უფრო მისაღებია. შევხვდებით ყველას, ყველა სტრუქტურას, რომელსაც ხელეწიფება ჩვენი პრობლემის ირგვლივ საკითხების გადაჭრა“, – განაცხადა მორგოშიამ.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის „ალტ-ინფოს” პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა“ 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.