მეტეოროლოგები ტემპერატურის კლებას ელიან

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რომელიც, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში მომდევნო დღეების მანძილზე შენარჩუნდება.

oppo_0

“რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, — აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, საქართველოში არამდგრადი ამინდები 23 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში 20 და 21 დეკემბერს თოვლის ინტენსივობის შემცირება მოსალოდნელი არ არის.

“დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში არ თოვდა და აქაც, ვფიქრობთ, რომ გათოვდება”, — აღნიშნავს გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, მეტეოროლოგები 21 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, ქვეყანაში ტემპერატურის კლებას ელიან, რისი მიზეზიც ამავე პერიოდში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლაა:

“არ არის გამორიცხული, რომ ზოგან დაბლობსა და ბარშიც გათოვდეს. ეს განსაკუთრებით ეხება 22-23 დეკემბერს. 24-ში უკვე [თოვის] ინტენსივობა იკლებს, გამოიდარებს და გამოდარებას მოჰყვება ყინვის გაძლიერება დაბლობში, ბარში, მთასა და მაღალ მთაში.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთს, გუდაური-კობის მონაკვეთებზე, [თოვის] ინტენსივობას ვინარჩუნებთ ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე.

[შემდეგ] ინტენსივობა შესუსტდება უკვე დღის მეორე ნახევრიდან, ქარი გაძლიერდება,რაც ხელს შეუშლის ინტენსივობის შენარჩუნებას. სუსტ თოვაში შეიძლება გადავიდეს ან 22-23 დეკემბერს შეწყდეს ამ ტერიტორიაზე თოვა”.

დოდო გვაზავას ცნობით, 24 დეკემბრისთვის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები მთელ ქვეყანაში გავრცელდება. ამ პერიოდში ტემპერატურა დაბლობსა და ბარშიც მკვეთრად დაიკლებს და დღის მაქსიმალური ტემპერატურა 0-5 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, მომავალი კვირის ბოლოს სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასები დააბალანსებს, რის შემდეგაც სინოპტიკოსები ტემპერატურის მომატებას ელიან.

 

“ნეტგაზეთიი”