პროკურატურა გიგი კალანდაძის გერმანიიდან ექსტრადიციას მოითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე გერმანულ მხარეს შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში, მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროიკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს. ის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო ძებნილი.“გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათი დავალებით, 2012 წლის 28 ივლისს საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ე.კ.-ს და ხელბორკილებით ნიღაბჩამოცმული, თბილისში მდებარე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ.,წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ე.კ.-მ სასტიკად წამების შემდეგ, გონება დაკარგა,თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ.წამების შემდეგ, ე.კ. შენობის ერთ-ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა”, – განმარტებულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით კალანდაძეს ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გიგი კალანდაძე პირველად საქართველოში დააკავეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 7 ნოემბერს. მას სამ საქმეზე წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

სასამართლომ გიგი კალანდაძე გაამართლა თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2011 წლის ოქტომბერში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავისი ხელქვეითების „შეურაცხყოფაში“, როდესაც ის გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კალანდაძეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

2015 წელს კი, მთავარმა პროკურატურამ  წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენშტაბის  უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. თუმცა ამ დროისთვის გიგი კალანდაძე უკრაინაში იმყოფებოდა.

“ნეტგაზეთი”