ლავროვი: დასავლეთი NATO-ში საქართველოს “ძალით შეყვანას” ცდილობს

დასავლეთი NATO-ში საქართველოს “ძალით შეყვანას” ცდილობს და ეს რუსეთისთვის წითელი ხაზია, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას არ განუხილავთ ჰიპოთეტური სცენარები, “მათ შორის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ძალით შეყვანასთან დაკავშირებული სცენარები”.
“ჩვენი პოზიცია NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით ცნობილია: წითელი ხაზი იქნება, თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უფრო და უფრო დაახლოებას”, – განაცხადა ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი „გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ თავიდან აიცილოს მოვლენების ნეგატიური განვითარება იმ სცენარის მიხედვით, რომელსაც ნატოს ზოგიერთი სტრატეგი აყალიბებს“.