აშშ ევროპაში დაძაბულობის ესკალაციას ხელს უწყობს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის, რასაც აშშ უკრაინის ტერიტორიაზე აკეთებს, რუსეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

პუტინმა, ასევე, განაცხადა, რომ მოსკოვის წინადადება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ულტიმატუმი არ არის, მაგრამ რუსეთს უკან დასახევი არა აქვს.

„ის, რასაც აშშ ახლა უკრაინის ტერიტორიაზე აკეთებს, ან აპირებს რომ გააკეთოს, ეს ხომ ჩვენი საზღვრიდან ათასობით კილომეტრში არ ხდება. ეს პირდაპირ ჩვენი სახლის შესასვლელთან ხდება. უნდა გაიგონ, რომ ჩვენ უკან დასახევი უბრალოდ არა გვაქვს“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ევროპაში დაძაბულობის ესკალაციაში აშშ დაადანაშაულა. მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კარგი ურთიერთობები იყო, აშშ მხარს უჭერდა სეპარატიზმს ჩრდილოეთ კავკასიაში, აფართოებდა ნატოს, გავიდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთის პოზიცია ულტიმატუმს არ ნიშნავს და მან აშშ-სთან კონსტრუქციული დიალოგის იმედი გამოთქვა.

დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს შემდგომ გაფართოებას „წითელი ხაზის“ გადაკვეთად განიხილავს.