ჩინეთი ამერიკას იგნორირებას უკეთებს და განვითარებად ქვეყნებს ეხმარება

კომუნისტური პარტიის მიერ მართული სახელმწიფოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამოსვლისას განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩინეთი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს ორ მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

„მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩინეთი ორი მილიარდი დოლარის საერთაშორისო დახმარებას გამოყოფს კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქვეყნებისთვის, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დროულად და დაყოვნების გარეშე გააფრთხილა კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების შესახებ.

“აფრიკაში 200 მილიონზე მეტმა ადამიანზე მიიღო სამედიცინო სახის დახმარება ჩინელი ექიმებისაგან” – შეახსენა სი ძინპინმა მსოფლიო საზოგადოებრიობას სახალხო რესპუბლიკის მიერ გასულ ათწლეულებში გაწეული დახმარება. ამჟამად აფრიკის კონტინენტზე ჩინეთიდან წარგზავნილი ექიმების 46 გუნდი იმყოფება, სხვადასხვა ქვეყნებისათვის დახმარების აღმოსაჩენად.

ჩინეთის 2-მილიარდიანი დახმარება შთამბეჭდავია, რადგან აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წელიწადში მხოლოდ 400 მილიონ დოლარს ურიცხავდა და ახლა, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, ეს გადარიცხვები შეჩერებულია.

აღსანიშნავია, რომ თავის გამოსვლაში სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ჩინეთის პოლიტიკას მკვეთრად აკრიტიკებს და კორონავირუსის გავრცელებაშიც ბრალს სდებს, საერთოდ არ ახსენა.

ვირტუალურ კონფერენციაში მონაწილეობა, სხვა ლიდერებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა მერკელმაც მიიღეს.