პენსიის შესახებ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე პირველი მოსმენის ფარგლებში იმსჯელეს. კანონპროექტის მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს სიახლეები გააცნო აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, პენსია ყოველი წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება, 70 წლის ზემოთ მყოფი პირები კი დამატებით სარგებელს მიიღებენ.
“ყოველწლიურად, პენსიები გაიზრდება პირველი იანვრიდან და დაფუძნებული იქნება, ერთის მხრივ, ინფლაციაზე, ანუ, საშუალო ინფლაცია ქვეყანაში რაც გვაქვს, იმის მიხედვით აუცილებლად უნდა გაიზარდოს ყველა პენსიონერის პენსია. მინიმალური ზრდის მოცულობა 70 წელს ქვემოთ პენსიონერებისთვის იქნება ყოველწლიურად 20 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის – 25 ლარიანი ზრდა ყოველ წელს აუცილებლად უნდა მოხდეს,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა ინიციატივის საპასუხოდ, განმარტა, რომ ეს კანონპროექტი მას რამდენიმე წლის წინ ჰქონდა წარდგენილი.
“იქნებ, იქ კარგი რაღაცები ეწერა და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური საპენსიო სისტემა შევქმნათ ამ ქვეყანაში. იმ საპენსიო სისტემის საფუძველზე, რაც იყო შემოთავაზებული, დღეს უკვე ვინც პენსიაზე გავიდოდა, არ იქნებოდა ასე ხელებში შემყურე. ადამიანებს საკუთარი დაგროვებითი ფული ექნებოდათ. უკვე მიიღებდნენ, წელსვე. ახლა, თქვენი საპენსიო სისტემით უნდა ელოდონ სანამ 30 და 40 წელი გავა, იმიტომ რომ რამდენი ადამიანი გამოეთიშა მაგ საპენსიო სისტემას კარგად იცით, რადგან ყველა ასაკობრივ ჯგუფზე არ გავრცელდა,”- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
რუსთავი2