საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ წასვლა დღეიდან ისევ შეეძლებათ

დღეიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

“თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის ​ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს,” – წერს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში.

თურქული მედიის ინფორმაციით, პაციენტი ქვეყანაში მაქსიმუმ 2 თანმხლებ პირთან ერთად დაიშვება და მათ თან უნდა ქონდეთ ბოლო 48 საათში გაკეთებული PCR ტესტის პასუხი COVID-19-ზე.  ქვეყანაში დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა ტესტის პასუხიც კორონავირუსზე უარყოფითია.

ამასთან თურქეთში ჩასვლისთანავე პაციენტებს და მათი თანმხლებ პირებს პირდაპირ იმ საავადმყოფოში გადაიყვანენ სადაც შეხვედრა აქვთ დანიშნული და მათი სხვაგან განთავსება არ მოხდება. საავადმყოფოებში უცხოეთიდან ჩასული პაციენტებისთვის ცალკე სართული, ან ცალკე ნაწილი გამოიყოფა.

 

 

“კურიერი”