სატრანსპორტო გენერალურ გეგმა წლის ბოლოსთვის გადაწიეს

კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო გენერალური გეგმის ჩაბარების თარიღმა აგვისტოდან წლის ბოლომდე გადაიწია.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც იქნა ჩვენი მხრიდან გაჟღერებული და საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ჩვენ ამ კუთხით უკვე გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი, დავიწყეთ არსებული ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. წლის ბოლომდე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები და თბილისს ეყოლება განახლებული ახალი „ევრო 6“ ტიპის ეკოლოგიურდ სუფთა ავტობუსები. ამ რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ამუშავებს სატრანსპორტო გენერალურ გეგმას. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკის პროექტს, ქალაქის სატრანსპორტო გენერალურ გეგმას, აგვისტოში უნდა ყოფილიყო ჩაბარებული, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე გადაიწევს ეს თარიღი“, – აცხადებს კალაძე.