ზალკალიანი გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

20-21 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა, სადაც ხელი მოეწერება „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“, რომელიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.

როგორც ცნობილი გახდა,  დოკუმენტი თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი, დომინიკ რააბი. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან გაფორმებული ეს შეთანხმება, გახლავთ რეგიონში პირველი შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ აამოქმედებს.

„გაერთიანებული სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება დავით ზალკალიანის შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქრისტოფერ პინჩერთან და თემთა პალატაში, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვევა ლონდონში საქართველოს საელჩოს და დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალ შენობას დაათვალიერებს, რომელიც საქართველოს მთავრობას საკუთრებაში შეისყიდა. მინისტრი ასევე შეხვედება გაერთიანებულ სამეფოში ქართული დიაპორის წარმომადგენლებს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.