რა შემოაქვს საქართველოს და რა გააქვს, რომელ ქვეყნებთან ვაჭრობს

საქართველოს საგარეო ბრუნვა 2021 წელს 25,6%–ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და 14,3 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2021 წელს გაიტანეს 4,2 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 2020 წელთან შედარებით 26,9%–ით მეტია.
იმპორტმა 2021 წელს 10 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 25,1%–ით მეტია, ნათქვამია განცხადებაში.
გასულ წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 40,7%–ს შეადგენს.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
2021 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა ფეროშენადნობების (93%), აზოტის სასუქის (65,4%), თხილის (25,8%) ექსპორტი. ამავე დროს შემცირდა მხოლოდ ოქროს ექსპორტი (34,2%).
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
2021 წელს გაიზარდა ვაქცინის, სისხლის, იმუნური პროდუქტების იმპორტი (169,4%-ით), საბურღი მანქანების და მათი ბლოკების (127,9%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (65%), სატვირთო ავტომობილების (45,4%), ტელეფონის აპარატების (34,9%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტრნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო ბრუნვამ 2021 წელს 2,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%–ია.
შემდეგ მოდიან რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, აშშ.
საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე უკრაინა, სომხეთი, გერმანია, ბულგარეთი და იტალია.
“სპუტნიკი-საქართველო”