პენტაგონი: ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა.

„კვლავ ვხედავთ, მათ შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების საბრძოლო ძალების გაძლიერებას მათი ქვეყნის დასავლეთ ნაწილსა და ბელარუსში“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.