თბილისი-მოსკოვის ჩარტერული ავიარეისი, რომელიც Georgian Airways-ს 28 იანვარს უნდა შეესრულებინა, გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაცია Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა.
გაიაშვილმა ავიარესის გაუქმების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. თუმცა, „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ რეისის ირგვლივ მედიაში „ატეხილი აჟიოტაჟის“ გამო, რუსეთიდან ავიარეისის შესრულების ნებართვა არ მოვიდა.
„აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ, აი, ეს…ის… და ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო … ატყდა აჟიოტაჟი და აღარ მოგვცეს ნებართვა… აქაურმა მთავრობამ კი არ გააუქმა, არ მოვიდა[რუსეთიდან] რეისის შესრულებაზე ნებართვა“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 2019 წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა.„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს კი თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები.რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 2019 წლის 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, „პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება.”
Georgian Airways მას შემდეგ მოსკოვის მიმართულებით რეისებს სომხეთის დედაქალაქ ერევნის გავლით, პარტნიორი ავიაკომპანიის საშუალებით ახორციელებს.