CNN-ის ცნობით, ზელენსკი-ბაიდენის საუბარი „კარგად არ წარმართულა”

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ამერიკელ კოლეგას სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ასევე განიხილეს შესაძლო ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც უკრაინამ უნდა მიიღოს.

ამერიკული CNN-ის ინფორმაციით, რომელიც საინფორმაციო საშუალების ცნობით, მას უკრაინელმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა, მხარეებს შორის საუბარი „კარგად არ წარმართულა“, რადგან მხარები ვერ შეთანხმდნენ რუსეთიდან მომავალი რისკების მნიშვნელობაზე, თუმცა თეთრი სახლი ეჭვქვეშ აყენებს ანონიმური წყაროს ნამდვილობას და აცხადებს, რომ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია.

CNN-ის წყაროს თანახმად, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსული თავდასხმა შეიძლება გარდაუალი იყოს, თუმცა ზელენსკის განცხადებით, რუსული საფრთხე რჩება, მაგრამ არ არის გარკვეული თავდასხმა რეალურად მართლაც მოხდება თუ არა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, ანონიმური წყაროები ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. „პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს რუსული შეჭრის საფრთხე თებერვალში. ეს მან საჯაროდ თქვა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ თვეების განმავლობაში. ნებისმიერი ინფორმაცია ამაზე მეტი, ან განსხვავებული, სრულიად ყალბია“, – განაცხადა მან.


რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში საკუთარი სამხედრო ძალების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გადაისროლა ბელარუსსა და რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება.

უკრაინისა და დასავლური სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების ცნობებით, რუსეთი შესაძლოა, ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადებოდეს.

ოთხშაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობითი პასუხი გადასცეს რუსეთს იმ მოთხოვნებზე, რომელიც მოსკოვმა დასავლეთს მანამდე წაუყენა.

რუსეთის მოთხოვნები მათ შორის მოიცავდა ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებაზე უარის თქმას და აღმოსავლეთ ევროპიდან ძალების გაყვანას.

წერილობითი პასუხის ზუსტი შინაარსი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ოთხშაბათ საღამოს გამართულ ბრიფინგებზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა კვლავ გაგრძელდებოდა და რუსეთს ძალები უნდა გაეყვანა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ წერილობითი პასუხის შინაარსი „გაჟონავს“, რადგან ამერიკულმა მხარემ ის საკუთარ პარტნიორებს გაუზიარა.

 

“ნეტგაზეთი”