ჩრდილოეთ კორეამ გიგანტური ბალისტიკური რაკეტიდან გადაღებული დედამიწის ფოტოები გამოაქვეყნა

ფხენიანმა გამოაქვეყნა დედამიწის ფოტოები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მძლავრი რაკეტიდან – Hwasong-12-დან არის გადაღებული. ფოტოებზე კორეის ნახევარკუნძული და მიმდებარე სივრცე ჩანს, – ამის შესახებ BBC წერს.

მიუხედავად აშშ-ის, სამხრეთ კორეის, იაპონიასა და მრავალი სხვა ქვეყნის მწვავე კრიტიკისა და არსებული თუ დაანონსებული სანქციებისა, მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს უკვე მე-7 რაკეტაა, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა.

ვიდრე ფხენიანი Hwasong-12-ის გაშვების შესახებ განაცხადებდა, ინფორმაცია სამხრეთ კორეამ და იაპონიამ გაავრცელეს, რადგან სწორედ მათმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა დააფიქსირეს ის.

2017 წლის შემდეგ, ეს ყველაზე მძლავრი რაკეტაა, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებების ცნობით, რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და გაშვების ადგილიდან 800 კილომეტრში, იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

“იმედინიუსი”