საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული სამხედროს გაგზავნას გეგმავს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორენს პარლის თქმით, NATO-ს მისიის ფარგლებში, საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული სამხედროს გაგზავნას გეგმავს.
მინისტრის განმარტებით, უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების განლაგების ფონზე, უკრაინასთან მოსაზღვრე რუმინეთი მაღალი დაძაბულობის ზონად მიიჩნევა. როგორც პარლისმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით NATO-ს წევრ ქვეყნებთან შეხვედრა მალე ექნებათ.
გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საფრანგეთი მზად არის რუმინეთში NATO-ს ახალ მისიებს უხელმძღვანელოს.
უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
წყარო: itv.ge