რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეშვებას და მისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევას ითხოვენ.
გორის საკნად გადაკეთებული პალატიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, უკვე თვეზე მეტია, რატი ბრეგაძის უწყება მიხეილ სააკაშვილთან პირად ექიმს და კონსილიუმის წევრებს არ უშვებს.
– “მიხეილ სააკაშვილის არის პუტინის პირადი პატიმარი. რუსი ოლიგარქი კრემლის ინტრუქციას ასრულებს და შესაბამისად, მის წინააღმდეგ გამოიყენა ყველა ის სადამსჯელო მექანიზმი, რომ ეს ადამიანი დაუძლურდეს, მაქსიმალურად დისკომფორტი შეექმნას და ის, რომ პირად ექიმს არ უშვებენ მასთან, არის კატასტროფა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სისტემა ვაიძულოთ, ელემენტარული ყოფითი და მისი ის ძირითადი უფლებები იყოს დაცული, რაც ყველა პატიმართან მიმართებაში უნდა დაიცვას სახელმწიფომ”, – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ.
მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
აქციის პარალელურად, მესამე პრეზიდენტთან დღეს მისი უფლებადამცველი გიორგი გელხაური და თანაგუნდელი თემურ ჯანაშია იმყოფებოდნენ. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
წყარო: newposts.ge