საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 24 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებაზე დავით კირკიტაძისა და სხვა პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების თქმით, კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ჩადენილია ორი პირის მიმართ.
პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დავით კირკიტაძის მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
უწყების განცხადებით, აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დავით კირკიტაძეც, რომელმაც პროკურატურის თქმით, მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ – ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა.
„მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ვ.ბ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ჯგუფურად) დაიწყო.
ხოლო ო.ყ.-ს და შ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) დაიწყო. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – აცხადებენ პროკურატურაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ,დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა, რაც შეეხება პარლამენტის წევრ დ.კ.-ს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
“ნეტგაზეთი”