მაკრონი მოლაპარაკებებზე მოსკოვსა და კიევში მიემგზავრება.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალ კვირას რუსეთსა და უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. 7 თებერვალს ის მოსკოვში პუტინს, 8 თებერვალს კი ზელენსკის შეხვდება.
საფრანგეთს, როგორც NATO-ს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს ჯარები რუმინეთში გადაჰყავს, პარალელურად კი ცდილობს დიალოგს, რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდან აიცილონ.
მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის გარშემო განვითარებული სიტუაციის დეესკალაციისთვის მოლაპარაკებების გზის პოვნა პრიორიტეტია.
ხუთშაბათს ის ტელეფონით ესაუბრა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს.
რა ხდება უკრაინაში!?
უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. არაერთი ქვეყანა უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უგზავნის.
წყარო: newposts.ge