საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, მსოფლიო ხვალ როგორი იქნება, ერთიანობა, ჯარის წარმატება არის გარანტი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, საქართველოს ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

„ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით, ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს თავისი წვლილი. მეგობრებო, ჩვენ ჩვენი ქვეყნის წარსულზე დაყრდნობით, იმ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, უნდა ვიყურებოდეთ წინ და თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრებს, სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, როგორ უნდა ვიყოთ წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს. არ არსებობს იმაზე დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში“,- განაცხადა გახარიამ.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

 

 

 

“იმედინიუსი”