რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 196 589 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.
მრავალი მოქალაქე გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ოჯახის ექიმი არ უკავშირდება.
ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა პედიატრიულ სექტორში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კოვიდინფიცირებული ბავშვი სახლში გადის მკურნალობას და ოჯახის ექიმი არ გვიკავშირდება.
როდის დგება ბავშვის სტაციონარში გადაყვანის აუცილებლობა.
ამ კითხვებით „ფორტუნამ“ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, პედიატრს, იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს ესაუბრა.
„პედიატრიულ სექტორში მიმართვიანობა ძალიან გაიზარდა, ამიტომ ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვს მაღალი სიცხე, ან კორონავირუსის სხვა გამოვლინება აქვს და ოჯახის ექიმი ვერ ახერხებს ნახვას.
ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია. ძირითადი გზავნილი, რაც ჩვენ ჩვენი შვილების მშობლებისთვის გვაქვს, მარტივი შესასრულებელია:
პირველ რიგში შეხედეთ ბავშვის დაავადებას, როგორც ვირუსულ ინფექციას. გაიხსენეთ, როგორ იქცეოდით პანდემიამდე ვირუსის მართვის დროს.
სიმპტომატიკა, რაც აქვს „ომიკრონის“ შტამს ბავშვებში და სიმპტომატიკა, რომელიც აქვს რინოვირუსის გამოვლინებას ბავშვებში, პრაქტიკულად იდენტურია. რომ არა რამდენიმე მცირე ნიუანსი, კლინიკური ნიშნებით რთულია განასხვაოთ ეს არის კორონავირუსი, თუ რომელიმე სხვა ვირუსი“. – აცხადებს ჩხაიძე
რა ახასიათებს „ომიკრონს“ და როგორ ვუმკურნალოთ შინ?
„ძირითადად ზედა სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნები, რომელშიც შედის ცემინება და ცხვირიდან გამონადენი, ყელისა და თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, შედარებით იშვიათია ხველა, საერთო სისუსტე და შესაძლებელია აღინიშნოს ნაწლავთა მოქმედების გახშირება და კანზე გამონაყარი, როგორც წესი მშობლისთვის საგანგაშო ხდება ტემპერატურის მომატება.
ტემპერატურის მატება შესაძლებელია იყოს მაღალ ციფრებზე
ამ შემთხვევაში, ექიმისა და პედიატრის ინფორმირება აუცილებელია, მაგრამ მანამდე ასეთი ბავშვების ბინაზე მართვა შესაძლებელია.
„ომიკრონის“ შემთხვევაში უპირატესობა ბინაზე მართვას ენიჭება და არა სტაციონარში მართვას.
მშობლისთვის ყველაზე საგანგაშო შეიძლება აღმოჩნდეს ტემპერატურის მატება, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოვახერხოთ ტემპერატურის დაწევა.
ტემპერატურის მართვაში პირველ რიგში იგულისხმება, რომ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ის ზღვარი, რომლის დროსაც პაციენტს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება.
ასეთი ზღვარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი (ამ მონაცემს იყენებს მთელი მსოფლიო).
მაღალი ტემპერატურაა 38.5 და მეტი. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს შვილს კორონავირუსიც რომ ჰქონდეს და ტემპერატურა არის 38.5-მდე და მატების ტენდენცია არ აქვს, შეგიძლიათ, დამწევი საშუალება არ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ბავშვს შეუქმნათ კომფორტული გარემო, უნდა მისცეთ, ბევრი სითხე“. – განმარტავს ჩხაიძე.