“თუ რუსეთ-ჩინეთის სამხედრო ალიანსი შეიქმნა, ბევრი ქვეყანა შეცვლის რიტორიკას რუსეთის მიმართ” – ვახტანგ მაისაია

“ალიას” ესაუბრება ანალიტიკოსი სამხედრო სფეროში, ვახტანგ მაისაია.

– რუსეთ-ჩინეთის სამხედრო ალიანსის შექმნის პერსპექტივაზე რას იტყვით? ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა, შორს უკვე არ არის.

– ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სინ ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს და ჩინეთის ლიდერმა მხარი დაუჭირა რუსეთს უკრაინასთან დაპირისპირებაში, ზოგადად, ნატო-ს შემდგომი გაფართოების საკითხში, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის “მეგობრობას საზღვრები არ აქვს”.

“არ არსებობს აკრძალული ზონები თანამშრომლობაში, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული” – აღნიშნულია ამ ერთობლივ განცხადებაში. ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მხარეები ეწინააღმდეგებიან ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის იდეოლოგიზებულ მიდგომებზე. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მათი სამხედრო ალიანსის შექნის იდეა ძალიან რეალურია. ჩინეთს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, მისი თავდაცვის ბიუჯეტი 400 მილიარდ დოლარამდეა. 2025 წლისთვის ჩინეთი აპირებს სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში და ამავე 2025 წლისთვის, იქნება მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა. დღეს ჩინეთი ეკონომიკის სიდიდით მეორე ადგილზეა ამერიკის შემდეგ. თუ რუსეთ-ჩინეთის სამხედრო ალიანსი შედგა, ეს უკვე უდიდესი გამოწვევა იქნება ნატო-სთვის. ზემოთ ვთქვი, რომ იმის შიშით, რომ რუსეთმა გაზის მიწოდება არ შეუწყვიტოს, ევროპის არაერთი ქვეყანა, ნატო-ს წევრი ქვეყნები ჩუმად არის და საერთოდ არ ერევიან რუსეთñუკრაინის კონფლიქტში, ხისტი განცხადებების გაკეთებასაც ერიდებიან მათი ლიდერები. თუ რუსეთ-ჩინეთის სამხედრო ალიანსი შეიქმნა, ის თითქმის ნატო-ს საპირწონე იქნება და ვფიქრობ, ბევრი სხვა ქვეყანა შესცვლის რიტორიკასა და მიდგომას რუსეთის მიმართ.