მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სწორედ მისი საიდუმლო დიპლომატიის შედეგი იყო ის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ბელარუსის მიერ დღემდე აღიარებული არაა.
“ოთხჯერ მქონდა ლონდონში საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკოსთან, პირველად ვამბობ ამას, ეს იყო საიდუმლო დიპლომატია. ის რომ სამხრეთ ოსეთი დ აფხაზეთი აქამდე არ არის აღიარებული ლუკაშენკოს მიერ, ჩემი ლონდონში ჩასვლის შედეგია”, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ, 9 თებერვლის სასამართლო სხდომაზე.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დღევანდელ სხდომაზე სასამართლო განიხილავს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეს. გამოძიების ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პროსახელისუფლებო ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებაზე ისაუბრა.
“ნეტგაზეთი”