“ვეფხისტყაოსანი” ბანგლადეშში ბენგალურ ენაზე თარგმნეს.
შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ბენგალურ ენაზე ითარგმნა – ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, 2022 წელს აღინიშნება საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და მეგობრობის 30 წლისთავი.
– “ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი ხანგრძლივი მეგობრობის აღსანიშნად, საქართველოს საპატიო საკონსულომ ბანგლადეშში გადაწყვიტა ამ დიადი ეპიკური პოემის თარგმნა ბენგალურ ენაზე, რაც ბენგალელ ხალხს მისცემს შესაძლებლობას გაიცნოს და გაიზიაროს ქართული ლიტერატურის შედევრი. ეს პოემა გახლავთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს იმ ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონებს” – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ნათარგმნი წიგნი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ბენგალელი მკითხველისათვის.
საელჩოს ცნობით, ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე განსაკუთრებულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე 200 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ინდოეთსა და ბანგლადეშში და იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში.
წყარო: itv.ge